Thumbnail

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირისთვის ბრალის წაყენების პროცედურა დაიწყო. ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს მორაგბე არჩილ გაგნიძეს. მოგვიანებით ბრალს კიდევ ერთ მორაგბეს, ვასილ მახარაძესაც წაუყენებენ. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის წაყენების შემდეგ, საგამოძიებო უწყება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმართავს.

დაკავებულებს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

დაკავებულ მორაგბეებს საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მორაგბეების უფლებადამცველი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები -არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არ მონაწილეობდნენ. 

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა სულ 17 პირი დააკავეს. მათა შორის არიან სპორტსმენები: მორაგბეები ვასილ მახარაძე და არჩილ გაგნიძე, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე.

გიორგი შაქარაშვილს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდნენ. საბურთალოს აკადამიის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გაუჩინარდა მისი კვალი. 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები