Thumbnail

PREVIEW | ბარსელონასთვის ყველა ქულა ძვირფასია - ვიგოში ცოტა გოლს ელიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 27 ივნისი | ⌚ 19:00 | ⚽ სელტა V ბარსელონა
  • ბარსელონას ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს
  • სელტამ ბოლო საშინაო მატჩში 6 გოლი გაიტანა 
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ლა ლიგის დასრულებამდე 7 ტური რჩება და კითხვა, რომელიც არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ სრულიად საფეხბურთო ევროპაში აინტერესებთ, ასეთია: ვინ გახდება 2019-20 წლების სეზონის ჩემპიონი? გასაკვირი არაა, რომ პირველობისთვის ამჯერადაც ძველი სახეები იბრძვიან. 31 ტურის თავზე რეალსა და ბარსელონას 68-68 ქულა აქვთ და მადრიდელები პირველ ადგილზე მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო იმყოფებიან. ამდენად, ცხადია, რომ ესპანური გრანდებისთვის თითოეული ქულის დაკარგვა, შესაძლოა, დამღუპველი გამოდგეს.

32-ე ტურში კატალონიელები ვიგოში არიან ჩასულნი და არცთუ იოლი მატჩი ელით, რადგანაც სელტა პანდემიის მერე სეზონის განახლებას კარგ ფორმაში შეხვდა. ოსკარ გარსიას შეგირდებმა ბოლო საშინაო მატჩში ალავესი 6:0 გაანადგურეს, შემდეგ კი, სტუმრად სოსიედადსაც სძლიეს და გასავარდნ ზონას უკვე 7 ქულით გაუსწრეს, თუმცა, იოლად არც ბარსასთან დათმობენ რაიმეს. თავის მხრივ, კიკე სეტიენის მიერ გაწვრთნილმა კატალონიელებმა სევილიაში გამართულ ბოლო საგარეო შეხვედრაში ძალიან უფერულად ითამაშეს, უგოლო ფრეს დასჯერდნენ და სწორედ ამიტომ იყო, რომ მათ რეალმა გადაასწრო. საინტერესოა, რომ ბარსელონას მიერ ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 2.5-ზე ნაკლები ბურთი გავიდა და ბევრ გოლს არც ვიგოში ელიან.

კიკე სეტიენის ბარსელონას ვიგოში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის

ბარსელონას ტრავმების გამო უსმან დემბელე, ფრენკი დე იონგი და სერხი რობერტო დააკლდებიან, სერხიო ბუსკეტსმა კი ლა ლიგის გასულ ტურში ბილბაოს ატლეტიკთან საშინაო მატჩში მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. მოსალოდნელია, რომ ნახევარდაცვის ცენტრში ისევ ხორვატ ივან რაკიტიჩს ვიხილავთ, ნიჭიერი რიკი პუი კი თადარიგში იქნება. კიკე სეტიენი გამოცდილებას ენდობა შეტევაშიც, სადაც ლიონელ მესისა და ანტუან გრიზმანს ლუის სუარესი (ურუგვაელის აქტივში 11 გოლია და ის ბარსაში მხოლოდ მესის ჩამორჩება, ვინც 21 ბურთით ლა ლიგის ბომბარდირია) გაუწევს პარტნიორობას, ახალგაზრდა ანსუ ფატი კი თავის შანსს შეცვლაზე დაელოდება.

სელტას ტრავმირებული ჰყავს სერხიო ალვარესი, დავიდ ხუანკა და ფრან ბელტრანი, უგი მალიო კი მოშუშდა, თუმცა, მაინც სათადარიგოთა სკამზე იქნება და მარჯვენა ნახევარმცველის ადგილზე ისევ კევინ ვასკესს ვიხილავთ. მწყობრშია და დისკვალიფიკაციის შემდეგ, ნახევარდაცვის ცენტრში ვიხილავთ თურქ ლეგიონერ ოკაი იოკუსლუს, შემტევი ხაზი კი უცვლელია: გუნდის ლიდერ იაგო ასპასს (ის 11 გოლით გუნდის ბომბარდირია) დენის სუარესი და რაფინია შეეშველებიან.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონას ლა ლიგის ბოლო 5 მატჩში გოლი არ აქვს გაშვებული.

⚽ სელტას ლა ლიგის უკანასკნელი 7 მატჩიდან 6-ში გოლი არ აქვს გაშვებული.

⚽ ბარსელონას სელტასთან ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან 8-ში მინიმუმ 2 გოლი აქვს გატანილი.

⚽ სელტას მიერ ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან 6-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გადიოდა.

⚽ ბარსელონას მიერ ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი გადიოდა.

⚽ სელტას ბარსელონასთან ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ ბოლო 5 საშინაო მატჩში წაგება არ აქვს.

⚽ ვიგოელებს ლა ლიგაში ბოლო 2 მატჩი მოგებული აქვთ, თანაც სოსიედადსა და ალავესს, ჯამში, 7 გოლი გაუტანეს.

⚽ ბარსელონამ ბოლო გასვლითი მატჩის მოგება ვერ მოახერხა. სევილიაში გამართული თამაში უგოლოდ დასრულდა.

⚽ სელტას მიერ ლა ლიგაში ჩატარებული 15 საშინაო მატჩიდან 6-ში წითელი ბარათი დაფიქსირდა.

⚽ სელტას ბარსელონასთან ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ ბოლო 8 მატჩში მხოლოდ 1 მოგება აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

სელტა (3-4-2-1): ბლანკო – აიდოო, არაუხო, მურილიო – ოლაზა, ბრადარიჩი, იოკუსლუ, ვასკესი – სუარესი, რაფინია – ასპასი.
ტრავმა: ალვარესი, ხუანკა, ბელტრანი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი – სემედო, პიკე, ლენგლე, ალბა – ვიდალი, რაკიტიჩი, არტური – მესი, სუარესი, გრიზმანი.
ტრავმა: დემბელე, დე იონგი, რობერტო.
დისკვალიფიკაცია: ბუსკეტსი.

კომენტარები

ბოლო ამბები