Thumbnail

22 მატჩის შემდეგ - გუტი ალმერიას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • სპეციალისტი ალმერიაში 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა
  • 43 წლის გუტის ალკორკონთან დამარცხება არ აპატიეს

მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესი, იგივე გუტი, ალმერიას მთავარ მწვრთნელად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა. 22 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ კი ესპანელი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ალმერია ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს და ლა ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის. 25 ივნისს 43 წლის გუტის გუნდმა მე-9 ადგილოსან ალკორკონთან ანგარიშით 0:1 წააგო და მეორე ადგილზე მყოფ სარაგოსას 5 ქულით ჩამორჩა.

35 ტურის შემდეგ, ალმერია 56 ქულით მესამე ადგილზეა. ლა ლიგაში პირდაპირ 2 გუნდი გადადის (პირველ და მეორე ადგილზე გასულები). მესამეადგილოსანს კი პლეი ოფის თამაში მოუწევს. ალკორკონთან დაკარგული მნიშვნელოვანი ქულები გუტის არ აპატიეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

43 წლის ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესი ალმერიას მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შარშან, ნოემბრის დასაწყისში დაინიშნა, სადაც პედრო ემანუელი შეცვალა. სპეციალისტისთვის ეს დებიუტი იყო მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მანამდე ის მადრიდის რეალის 19-წლამდელთა გუნდში, მოგვიანებით კი თურქული ბეშიქთაშის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

ალმერიამ გუტის ხელმძღვანელობით 22 მატჩი ითამაშა, საიდანაც 9 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა, ხოლო 8 შემთხვევაში გუნდი დამარცხდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს გუტის ადგილს.

კომენტარები

ბოლო ამბები