Thumbnail

17 დაკავებული პირიდან ერთი გამოიკვეთა - შსს-ის ბრიფინგი შაქარაშვილის საქმეზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შსს-ში 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ბრიფინგი გაიმართა
  • სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 17 პირი დააკავეს 
  • საქმის კვალიფიკაცია შეიძლება შეიცვალოს და ბრალი დამძიმდეს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 17 პირი, მათ შორის რამდენიმე სპორტსმენი დააკავეს - მორაგბეები: ვასილ სამხარაძე და არჩილ გაგნიძე და ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი.  

გიორგი შაქარაშვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ

"გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. სისხლის სამართლის მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, 2 ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-იდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა შსს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეკითხვაზე, თუ გამოიკვეთა დაკავებულებს შორის პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ "დიახ".

მისი თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და ჯერჯერობით უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე.

"გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, საქმის კვალიფიკაცია შეიძლება შეიცვალოს და ბრალი დამძიმდეს", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.  

გიორგი შაქარაშვილს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდნენ. საბურთალოს აკადამიის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გაუჩინარდა მისი კვალი. 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები