Thumbnail

'არწივები გალიაში არ ზიან, ქათმები – კი' - მაკგრეგორს ისევ დასცინეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'დაჯდეს და შანსს ელოდოს, 3 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს, ხაბიბს რომ შეხვდეს'
  • მაგომედოვის ბანაკში კონორის დამცირების შანსს ხელიდან არ უშვებენ

ალი აბდელაზიზმა, რომელიც UFC-ს მსუბუქ წონაში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერია, საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსი მებრძოლი ერთხელ უკვე დამარცხებული კონორ მაკგრეგორისთვის რევანშის შანსის მიცემას არ აპირებს.

“კონორი რევანშზე კი საუბრობდა, თუმცა, ხაბიბი ამაზე დათანხმებას არ გეგმავს. დაჯდეს და თავის შანსს ელოდოს. მას მინიმუმ 3 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება, რათა ამის უფლება მიიღოს. მისი ერთ-ერთი პირველი მეტოქე ისლამ მახაჩევი უნდა იყოს”.

მაკგრეგორს მართლაც არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ნურმაგომედოვთან მარცხი შემთხვევითობა იყო და ის რევანშს აუცილებლად აიღებდა. ამასწინათ ირლანდიელმა მებრძოლმა საერთოდაც კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება (უკვე, მესამედ), თუმცა, ბევრმა ეს არ დაიჯერა და როგორც სჩანს, იგივეს ფიქრობენ ხაბიბის გუნდშიც. თავად ნურმაგომედოვის ოქტაგონზე დაბრუნება სექტემბერში იგეგმება, როდესაც ის მსუბუქ წონაში დროებით მსოფლიოს ჩემპიონ ჯასტინ გეიჯის უნდა შეხვდეს.

ამასობაში, ირლანდიელი მებრძოლი კიდევ ერთხელ დაამცირა აბუბაკარ ნურმაგომედოვმა, რომელიც ხაბიბის ბიძაშვილია. მას მაკრეგორისთვის ადრეც არაერთხელ დაუცინია და საყვარელი საქმიანობით კიდევ ერთხელ დაკავდა. აბუბაკარმა სოციალურ ქსელში ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის 2018 წლის შერკინება დადო შემდეგი მინაწერით:

“არწივები გალიაში არ ზიან, ქათმები – კი”.

ცნობისთვის, ფრაზა “არწივები გალიაში არ ზიან” თავად ხაბიბმა ერთ-ერთი ინტერვიუს გამოიყენა და ის MMA-ში მალევე დამკვიდრდა. იმ ცნობილი შერკინების შემდეგ, ნურმაგომედოვი სწორედ ჯებირს გადაახტა და ირლანდიელის გუნდის წარმომადგენლებს ოქტაგონის მიღმა ეჩხუბა.

კომენტარები

ბოლო ამბები