Thumbnail

რა დაემართა მაკარიძეს - ექიმებმა ქართველი მეკარე თამაშიდან გაიყვანეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და რიუ ავესთან მატჩის დასრულება ვერ მოახერხა
  • პირველ ტაიმში მაკარიძის ფოლს პენალტი მოჰყვა და მას ყვითელი ბარათიც უჩვენეს

პორტუგალიის პრიმეირა ლიგას 28-ე ტურის მატჩი წარუმატებლად დასრულდა სეტუბალის გოლკიპერ გიორგი მაკარიძისთვის. ქართველი ლეგიონერის გუნდმა შინ რიუ ავესთან 1:2 წააგო, თავად მან კი მინდორი ნაადრევად დატოვა.

გიორგი მაკარიძე რიუ ავესთან მატჩში

სეტუბალი 25-ე წუთზე დაწინაურდა, თუმცა, შემდეგივე შეტევაში, მაკარიძემ მასთან პირისპირ გასული სტუმართა ფორვარდი წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო, რიუ ავემ კი ანგარიში გაათანაბრა. სტუმრებმა მე-2 გოლი თამაშის მიწურულს გაიტანეს, თუმცა, მაშინ გიორგი კარში უკვე აღარ იდგა.

საქმე ის გახლავთ, რომ პირველი ტაიმის მიწურულს მაკარიძე შეუძლოდ შეიქმნა. ერთ-ერთი ორთაბრძოლის მერე, ის მინდორზე დაწვა და ექიმების შესვლამდე ფეხზე აღარ წამოდგარა. ქართველი ლეგიონერის წამლობა რამდენიმე წუთი გაგრძელდა, საბოლოოდ, კი ექიმების რჩევით, მისი შეცვლა გადაწყდა. შედეგად, მასპინძელთა კარში ბრაზილიელი კარის დარაჯი ლუკას პაესი ჩადგა. ცხადია, საინტერესოა, რა დაემართა გიორგის. აი, რას წერს Tvi24.iol.pt:

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული მატჩი მაკარიძისთვის უიღბლო გამოდგა. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას მას ექიმების დახმარება მალვე დასჭირდა, ხოლო როდესაც მან სამედიცინო პერსონალს კიდევ ერთხელ უხმო, გადაწყდა, რომ რისკზე წასვლა არ ღირდა. ირკვევა, რომ ქართველ მეკარეს რაიმე კონკრეტული ტრავმა არ მიუღია. ის უბრალოდ თავს შეუძლოდ გრძნობდა”.

ცნობისთვის, 30 წლის მაკარიძე სეტუბალის ღირსებას გასული წლიდან იცავს, მანამდე კი, პორტუგალიურსავე ფეირენსესა და მორეიერენსეშიც უთამაშია. მას საქართველოს ნაკრებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული, მიმდინარე სეზონში კი 27 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები