Thumbnail
  • 'თოკო, აქეთ იყურე, აქეთ! ეს ყველაფერი მოედანზე უნდა გააკეთო და არა – აქ'
  • წუთშესვენების დროს მომხდარი ეპიზოდი ყურადღების ცენტრში მოექცა

ესპანური ლიგა ენდესას ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ გადამწყვეტ მატჩში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მალაგას უნიკახას ოვერტაიმში მოუგო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა. საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა ეპიზოდი, რომელიც ამ თამაშისას მოხდა. საუბარია წუთშესვენებაზე, როდესაც ბასკური კლუბის მთავარ მწვრთნელ დუშკო ივანოვიჩსა და ქართველ კალათბურთელს შორის მცირე შეკამათება მოხდა.

ბასკონიამ პირველი ტაიმი 11 ქულით მოიგო, მე-3 მეოთხედის სტარტზე კი უნიკახამ 7-ქულიანი გაქცევა მოაწყო. ივანოვიჩმა ტაიმ-აუტი აიღო და პირდაპირ ეთერში შემდეგი საუბარი გავიდა.

ივანოვიჩი: “თქვენ მატჩის წაგება გინდათ! როგორც თქვენ თამაშობთ, აუცილებლად დავმარცხდებით! თოკო, აქეთ იყურე, აქეთ! ეს ყველაფერი მოედანზე უნდა გააკეთო და არა – აქ, მოედანზე!”.
შენგელია: “მსაჯებს უთხარი რამე!”.
ივანოვიჩი: “რა მსაჯებზე მესაუბრები, კალათბურთი ითამაშე!”.

ამ ეპიზოდში თანაგუნდელებმა შენგელიას გამხნევება სცადეს, წუთშესვენება კი უკვე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, მაგრამ მაშინვე შედეგი არ გამოუღია. მე-3 ათწუთეულის სტარტზე, მალაგელებმა მეტოქეს 15 უპასუხო ქულა ჩაუგდეს, თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვება მაინც ბასკონიას დარჩა, რაშიც შენგელიამ ტრადიციულად სოლიდური წვლილი შეიტანა.

ქართველმა ფორვარდმა თამაში ტრავმირებულმა ჩაამთავრა

ქართველმა მძიმე ფორვარდმა 27:03 წუთში 9 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მიითვალა, არადა, დასკვნით მეოთხედში მან ფეხის ტრავმა მიიღო და ბოლო წუთები გამოტოვა, თუმცა დუშკო ივანოვიჩმა ის გადამწყვეტ მომენტში კვლავ გამოიყვანა პარკეტზე. დიდი ალბათობით, ტრავმა არც ისე სერიოზულია, თუმცა, მას სამედიცინო შემოწმების გავლა მაინც მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ბასკონიას ლიგა ენდესას ჯგუფურ ეტაპზე 4-დან 3 მატჩი აქვს მოგებული და ნახევარფინალში თამაში უკვე განაღდებული აქვს. შენგელიას გუნდს დასკვნითი მატჩი 25 ივნისს ბადალონას ხუვენტუტთან ელის, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ პლეი-ოფში A ჯგუფიდან მე-2 ადგილით გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები