Thumbnail

8 მარტის შემდეგ შეწყვეტილი ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება 25 ივნისს განახლდება. მესამე ტურის პირველ და თანაც ცენტრალურ შეხვედრაში საბურთალო დინამო თბილისს უმასპინძლებს. დედაქალაქური დერბი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საქართველოს ჩემპიონმა, დინამო თბილისმა სეზონი ქულების დაკარგვით დაიწყო. კახა ჩხეტიანის გუნდმა ჯერ თელავს ვერ მოუგო საკუთარ მოედანზე (0:0), შემდეგ კი ვიცე-ჩემპიონ დინამო ბათუმს შეხვდა და კიდევ ერთი მატჩი დაასრულა ფრედ (1:1). მას შემდეგ, რაც სეზონი განახევრდა და ორ წრედ გადაეწყო, ქულებს კიდევ უფრო მეტი ფასი დაედო, ყველაზე ტიტულოვანმა ქართულმა გუნდმა კი უკვე 4 ქულა დაკარგა.

საბურთალომ პირველი მატჩი საჩხერის ჩიხურას მოუგო (2:1), შემდეგ კი თბილისის მერანს ესტუმრა და ფრედ, 0:0 ითამაშა. თეიმურაზ შალამბერიძის გუნდს 4 ქულა აქვს, გორის დილასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და ლიდერ ლოკომოტივს 2 ქულით ჩამორჩება. 

დინამო თბილისს მხოლოდ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს: მცველი ნიკა სანდოხაძე, დისლვალიფიცირებული კი არავინაა. თუმცა, დინამოს კიდევ ორი ფეხბურთელი, ორი ლეგიონერი დააკლდება: ბენიო და ორშულა კარანტინში არიან. პანდემიით გამოწვეული პაუზის დროს, ერთი საინტერესო ტრანსფერი შედგა: საბურთალოდან დინამო თბილისში თავდამსხმელი გიორგი გაბედავა გადავიდა. დიდი ალბათობით, გაბედავა სათადარიგოთა სკამზე იქნება, დინამო კი შულაია-ბუღრიძე-კაპანაძის ტრიოთი შეუტევს.

მოქმედ ჩემპიონ დინამო თბილისს ორი ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს
📸 | დინამო თბილისი

საბურთალოს არც ტრავმირებული ყავს და არც დისკვალიფიცირებული, მაგრამ დინამოს მაინც დანაკლისით შეხვდება. პანდემიის გამო, გერმანიიდან საქართველოში ვერ დაბრუნდა ლევან ყენია. შესაბამისად, ვერც თბილისურ დერბიში მიიღებს მონაწილეობას. ამ ვითარებაში, რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა შემადგენლობას შეარჩევს შალამბერიძე. დიდია შანსი, თავდასხმაში ბექა ქავთარაძე ვიხილოთ, სიღრმიდან კი მას გიორგი კოხრეიძე, ელვინ ტერა და ოლეკსანდრ ბელიაევი დაეხმარონ. დიდი ალბათობით, საბურთალო 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშებს, ხოლო დინამო თბილისი 4-3-3-ით.

რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიის გამო (საბურთალოს 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს) გუნდები შავი სამკლავურებით ითამაშებენ. გარდა ამისა, მოთამაშეები თამაშის დაწყებამდე სპეციალურად დამზადებული შავი მაისურებით გავლენ მოედანზე.

წაიკითხე | გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე - 50 მოწმე, ბევრი ვერსია, ახალი მუხლი

საინტერესო ფაქტები

⚽ თბილისის საბურთალომ პირველ ორ ტურში 4 ქულა აიღო.

⚽ დინამო თბილისმა პირველ ორ ტურში 2 ქულა აიღო.

⚽ დინამო თბილისის ორივე მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირებიდან (ყველა ტურნირზე) 3-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ გასულ სეზონში, დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონი გახდა.

⚽ გასულ სეზონში, საბურთალომ ეროვნული ლიგა მესამე ადგილზე დაასრულა.

⚽ 2019 წლის სეზონში ეს გუნდები 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 2 მატჩი დინამო თბილისმა მოიგო, 1 საბურთალომ, ხოლო 1 მატჩი ფრედ დამთავრდა.

⚽ 2019 წლის სეზონის ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსია 6:5 დინამო თბილისის სასარგებლოდ.

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • დილა
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

სავარაუდო შემადგენლობები

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - მალი, ჭიჭინაძე, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი - ცნობილაძე, ალთუნაშვილი - ბელიაევი, კოხრეიძე, ტერა - ქავთარაძე.

დინამო თბილისი (4-3-3): კვასხვაძე - ტრუბოჩკინი, ლოჩოშვილი, კობოური, ქიმაძე - კუცია, პაპავა, ნინუა - შულაია, ბუღრიძე, კაპანაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები