Thumbnail

ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება 110-დღიანი პაუზის შემდეგ, 25 ივნისს განახლდება. გლობალური პანდემიის გამო, ჩემპიონატი 8 მარტის შემდეგ შეჩერებული იყო, მანამდე კი მხოლოდ ორი ტური გაიმართა. პირველ ორ ტურში, ქულათა მაქსიმუმი მხოლოდ ლოკომოტივმა აიღო, 2019 წლის ჩემპიონმა დინამო თბილისმა და ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა კი ორ-ორი ფრე ითამაშეს და შესაბამისად, ორ-ორი ქულა მოიპოვეს.

ეროვნული ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად დინამო ბათუმია მიჩნეული, რომელიც ჩემპიონატს თელავთან საშინაო მატჩით განაახლებს. თამაში ხუთშაბათს, ანგისას საწვრთნელ ბაზაზე, 21:00 საათზე დაიწყება. გასაგები მიზეზების გამო, მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება. ალბათ დინამო ბათუმია ის გუნდი, რომლისთვისაც ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში ყველაზე უჩვეულო იქნება.

ბათუმურ გუნდს დაშავებული მოთამაშეები არ ჰყავს, ერთადერთი ვისი იმედიც მთავარ მწვრთნელს ვეღარ ექნება ნიკოლოზ საბანაძეა, რომელმაც კარიერა ტრავმის გამო დაასრულა. გია გეგუჩაძეს მაინც საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, რომელი ფეხბურთელები მოხვდებიან განაცხადში და როგორ დაკომპლექტდება ძირითადი თერთმეტი. ყველა ლოგიკით, გეგუჩაძემ 4-2-3-1 ტაქტიკა უნდა აირჩიოს.

სანამ სეზონი შეწყდებოდა, დინამო ბათუმმა დინამო თბილისთან 1:1 ითამაშა

ჯოვინომ უკვე მოიშუშა მძიმე ტრავმა, სრულ მზადყოფნაშია და წესით, ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს. ვივარაუდოთ, რომ მასთან ერთად, შემტევ კვარტეტს ჯაბა ჯიღაური, ვაგნერ გონსალვეში და ლადო დვალიშვილი დააკომპლექტებენ. არის მეორე ვარიანტი, რომ ჯოვინო დადგეს ცენტრფორვარდის პოზიციაზე და მისი ადგილი გიორგი მანჯგალაძემ დაიკავოს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძირითადში ვიხილოთ გუნდის ახალწვეული გიორგი ნიქაბაძე. იგივე შეგვიძლია ვთქვათ რეინალდოზე, რომელიც უფრო ადრე მივიდა გუნდში, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში თამაშის საშუალება ჯერ არ მისცემია. დიდი კონკურენციაა საყრდენ ხაზზეც: დიდია შანსი, ძირითადში ბენჟამინ ტეიდის და მათე ცინცაძის ტანდემი დადგეს, მაგრამ არც ვლადიმერ მამუჩაშვილი უნდა დავივიწყოთ. ვნახოთ, რას გადაწყვეტს გია გეგუჩაძე.

წაიკითხე | გიორგი ნიქაბაძე: კარიერის პიკი ჯერ არ მქონია, მთავარი კი წინ მელოდება

რაც შეეხება თელავს, გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს. დიდი ალბათობით, რევაზ გოცირიძე 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და იგივე შემადგენლობას დაეყრდნობა, რასაც წინა ორ შეხვედრაში. კახური გუნდის მწვრთნელმა დინამო თბილისთან და გორის დილასთან იდენტური შემადგენლობა დააყენა, რომელსაც ქვემოთ, სავარაუდო შემადგენლობებში იხილავთ.

დვალიშვილი: თელავი კარგი გუნდია

ლადო დვალიშვილი (დინამო ბათუმი): “საბრძოლო განწყობა გვაქვს და ბედნიერები ვართ, რომ ისევ მოგვიწევს ფეხბურთის თამაში. მოუთმენლად ველოდით სეზონის განახლებას. ცუდ ფორმაში ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვართ. სპარინგ-მატჩები არ გვქონია, თუმცა ორმხრივი თამაშები გვქონდა და ვარჯიშებზეც ბოლომდე ვიხარჯებოდით. თელავის თამაშები გავარჩიეთ, კარგი გუნდია და ადვილი არ იქნება სამი ქულის მოპოვება. თუმცა, მიზანი სწორედ პირველი გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში”.

ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი): “ჩემპიონატი ორ წრედ ტარდება, პირველ ორ ტურში ქულები გვაქვს დაკარგული და შესაბამისად, ყველა მომდევნო შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ფიზიკურად კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა გვაკლია. საკუთარ მოედანზე გულშემატკივრების გარეშე თამაში უჩვეულო იქნება, მაგრამ ამან არ უნდა იმოქმედოს ჩვენზე და მხოლოდდ სამი ქულის მოსაპოვებლად უნდა გავიდეთ მოედანზე”.

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმმა პირველ ორ ტურში ორი ფრე ითამაშა და ორი ქულა აიღო.

⚽ თელავმა პირველ ორ ტურში ორი ფრე ითამაშა და ორი ქულა აიღო.

⚽ გასულ სეზონში, დინამო ბათუმი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

⚽ გასულ სეზონში, თელავმა ეროვნული ლიგა 2-ში იასპარეზა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.

⚽ დინამო ბათუმი და თელავი ეროვნულ ლიგაში პირველად ხვდებიან ერთმანეთს.

⚽ მეორე ლიგაში ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ - 2 მატჩი დინამო ბათუმმა მოიგო (1:0, 3:2), 1 ფრედ დასრულდა (0:0), ერთხელ კი თელავმა გაიმარჯვა (1:0).

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • დილა
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი - ტეიდი, ცინცაძე - ჯიღაური, ჯოვინო, ვაგნერი - დვალიშვილი.

თელავი (4-2-3-1): გოშაძე - ჩაბრაძე, ბერიაშვილი, დიმიტროვსკი, ჩუკვურა - ვარშანიძე, მოსიაშვილი - სამუშია, ბაშელეიშვილი, რუხაძე - კვასოვი.

კომენტარები

ბოლო ამბები