Thumbnail

მიქელთაძე და ყიფიანი პრემიერლიგაში ბრუნდებიან - ისინი როტორს სჭირდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი მომავალ სეზონს ისევ ერთ გუნდში გაატარებენ
  • ვოლგოგრადის როტორი ფეხბურთელებს სრულფასოვან კონტრაქტებს უფორმებს
  • როტორმა რუსეთის პირველი ლიგა მოიგო და პრემიერლიგის საგზური მოიპოვა  

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის ბექა მიქელთაძე და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ნახევარმცველი ნიკა ყიფიანი კარიერას ისევ ერთად გააგრძელებენ - ვოლგოგრადის როტორში, რომელმაც პრემიერლიგის საგზური უკვე მოიპოვა და მომავალ სეზონს ელიტაში გაატარებს.

ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი პირველი ლიგის როტორში ზამთარში, იჯარის წესით, ყაზანის რუბინიდან გადავიდნენ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, გუნდს პრაქტიკულად ვერაფრით დაეხმარნენ. პაუზის დადგომამდე მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოასწრო თამაში მიქელთაძემ, მოგვიანებით კი რუსეთის პირველ ლიგაში სეზონი ნაადრევად დასრულებულად გამოცხადდა, როტორი კი გამარჯვებულად.

ბექას ახალგაზრდულ ნაკრებში 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი

მიქელთაძესა და ყიფიანს რუბინთან კონტრაქტები ზაფხულში ამოეწურათ, ყაზანურმა კლუბმა კი მათთან თანამშრომლობის გაგრძელება კი აღარ მოისურვა. რუბინისგან განსხვავებით, ორივე ფეხბურთელი სჭირდება როტორს.

როგორც როტორის პრესსამსახური იუწყება, 23 წლის ნიკა ყიფიანმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, 22 წლის ბექა მიქელთაძე კი ვოლგოგრადის გუნდს უახლოეს მომავალში უნდა შეუერთდეს.

როტორს ყიფიანი უკვე შეუერთდა, მიქელთაძეს უახლოეს დღეებში ელოდებიან

ვოლგოგრადის როტორმა რუსეთის ნაციონალური ლიგის 2019/20 წლების სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა - 27 მატჩში მოპოვებული 56 ქულით და პრემიერლიგის საგზური მოიპოვა. გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება, ცნობილ ბელარუს მწვრთნელთან, ალეკსანდრ ხაცკევიჩთან ერთად, უკვე დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები