Thumbnail
  • ფორმულა 1-ის ახალი სეზონი სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დაიწყო.
  • პოულის მფლობელმა ლუის ჰემილტონმა მეორე ადგილი დაიკავა.
  • ფერარის გაუმართლა, რაც ჰაასის დამსახურებაა.

პირველი ვარჯიშების და კვალიფიკაციის შემდეგ ფორმულა 1-ის ბევრმა მოყვარულმა თქვა, რომ ახალი სეზონი მოსაწყენი იქნებოდა - ყველა მერსედესის და ლუის ჰემილტონის დონიმირებას ელოდება…

► მაგრამ რბოლის დროს ყველაფერი სხვანაირად მოხდა!

სეზონის პირველი ეტაპი, ავსტრალიის გრან პრი სებასტიან ფეტელმა მოიგო! ფერარის 30 წლის გერმანელმა პილოტმა, რომელიც კვალიფიკაციაზე მე-3 იყო, მელბურნში გამარჯვება იზეიმა და პოულის მფლოველი მოქმედი ჩემპიონი ჰემილტონი დაამარცხა. მესამე ადგილზე კი ფერარის მეორე პილოტი, ფინელი კიმი რაიკონენი გავიდა.

სებასტიან ფეტელი გამარჯვებას ზეიმობს

“სუპერ! ბიჭებო, ყველამ მაგრად ვიმუშავეთ! წინ გრძელი გზა გვაქვს, მაგრამ რაც მთავარია, ყველაფერი კარგადაა!” - უთხრა ფეტელმა თავის გუნდს ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ.

თუმცა ფერარის წევრებს და გულშემატკივრებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ფეტელს გაუმართლა კიდეც და, თანაც, ძალიან! მისი იღბალი ის იყო, რომ Safety Car-მა ზუსტად იმ დროს მოუსწრო, როცა ფეტელს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა...

სტარტი უჩვეულოდ მშვიდი გამოვიდა: პოულის მფლობელმა ჰემილტონმა ლიდერობა უპრობლემოდ შეინარჩუნა. სტარტის გამარჯვებულად ჰაასის პილოტი კევინ მაგნუსენი უნდა მივიჩნიოთ, რომელმაც მაქს ფერსტაპენს გაასწრო და მეოთხე ადგილზე გადავიდა.

სტარტი მელბურნში: ჰემილტონმა ლიდერობა შეინარჩუნა

მე-18 წრეზე ფერარიმ რაიკონენი პიტსტოპზე შეიყვანა, მერსედესმა კი ეს მომდევნო წრეზე გააკეთა. შედეგად, ფეტელი გალიდერდა და ტრეკზე სასტარტო საბურავებით დარჩა.

23-ე და 25-ე წრეებზე, მე-4 და მე-5 პოზიციებზე მყოფი ჰაასის პილოტები, კევინ მაგნუსენი და რომან გროსჟანი რბოლას პირდაპირ პიტსტოპებიდან გამოეთიშნენ. მაგნუსენს დაკიდებამ უმტყუნა, გროსჟანს კი მარცხენა უკანა საბურავის ქანჩსახრახნმა…

გროსჟანი ტოვებს ბოლიდს

ფეტელისთვის ჰაასის ბოლიდების პრობლემა მისწრება იყო - მას ვირტუალურმა Safety Car-მა “სულზე მოუსწრო”, რაც მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა გერმანელმა მაშინვე პიტსტოპზე შესვლის სახით გამოიყენა. შედეგი: მიუხედავად ბოქსებში შესვლისა, ფეტელი მაინც პირველ ადგილზე, ჰემილტონის წინ დარჩა!

“ეს როგორ უნდა მომხდარიყო? მე დავუშვი შეცდომა?” - გაბრაზებული იყო ჰემილტონი.

როგორც მინიმუმ ძალიან დიდი დამთხვევაა ის, რომ ფერარის ტექნიკით აღჭურვილი ჰაასის ბოლიდები ერთი მეორეს მიყოლებით გამოვარდნენ და ეს ფაქტი ფერარის გუნდმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა!

რაკი გროსჟანის ბოლიდის პრობლემა სერიოზული ჩანდა, ვირტუალურის შემდეგ, ტრეკზე ნამდვილი Safety Car-იც გამოჩნდა!

მერე ყველაფერი მარტივად გაგრძელდა: ფეტელმა ლიდერობა ფინიშამდე შეინარჩუნა. ჰემილტონი გერმანელს მძაფრად უტევდა, 46-ე წრეზე კი ბრიტანელმა მცირე შეცდომა დაუშვა, რის გამოც ფეტელთან ჩამორჩენა თითქმის 3 წამამდე გაიზარდა. მართალია, ჰემიტლონი სებას კიდევ მიუახლოვდა, მაგრამ მეტი ვეღარაფერი მოახერხა.

სებასტიან ფეტელისთვის ეს მე-200 გრან პრიზე 48-ე გამარჯვება და მე-100 პოდიუმია.

შეგახსენებთ, რომ ფეტელმა შარშანდელი სეზონის პირველი გრან პრიც მოიგო და მელბურნში პოული შარშანაც ჰემილტონს ჰქონდა მოგებული…

1. სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) - 25

2. ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) - 18

3. კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) - 15

4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია) - 12

5. ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, ესპანეთი) - 10

6. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული, ჰოლანდია) - 8

7. ნიკო ჰიულკენბერგი (რენო, გერმანია) - 6

8. ვალტერი ბოტასი (მერსედესი, ფინეთი) - 4

9. სტოფელ ვანდორნი (მაკლარენი, ბელგია) - 2

10. კარლოს საინსი (რენო, ესპანეთი) - 1

კომენტარები

ბოლო ამბები