Thumbnail
  • ბექას გრან კანარიამ თადის სან პაბლო ბურგოსს ოვერტაიმში მოუგო
  • ლიგა ენდესას ნახევარფინალში გასვლის შანსს ორივე ინარჩუნებს

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის ლიგა ენდესას ჯგუფურ ეტაპზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი დღეს სან პაბლო ბურგოს გაეჯიბრა, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალუზებული ამერიკელი უკანახაზელი თად მაკფადენი გახლავთ. თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ოვერტაიმში გადაწყდა. ბოლო წუთებზე უფრო დამაჯერებლად კანარელები გამოიყურებოდნენ და 91:87 იმარჯვეს.

გასულ ორ მატჩთან შედარებით, ბექას სარეკორდო სათამაშო დრო მიეცა. ის სასტარტო ხუთეულში იყო და 37:14 წუთში 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ამდენად, ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. ბურჯანაძემ 6-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. გრან კანარიას რიგებში საუკეთესო ვეტერანი ბერძენი ცენტრი იოანის ბურუსისი იყო, რომელმაც 25 ქულას 7 მოხსნა წაამატა.

სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა მაკფადენიც, რომელმაც 30:24 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. თადმა 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო მიითვალა, 5-ვე სამქულიანი ააცილა, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ. ბურგოსელებს ვერც ვიტორ ბენიტეს შედეგიანმა თამაშმა უშველა, რომელმაც თავი 26 ქულას მოუყარა.

ამგვარად, B ჯგუფში ძალიან საინტერესო ვითარება შეიქმნა. გრან კანარიასა და სან პაბლო ბურგოსს 3 ტურის თავზე 2-2 მოგება გააჩნიათ. 2-2 გამარჯვება აქვთ ტურნირის მასპინძელ ვალენსიასა და რეალსაც, თუმცა, ისინი ურთიერთშეხვედრას მოგვიანებით ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ჯგუფის 2 საუკეთესო გადის. გრან კანარია 24 ივნისს სარაგოსას ეთამაშება, ხოლო 26-ში – ვალენსიას. თავის მხრივ, სან პაბლო ბურგოსს ასევე ვალენსიასთანა და მორაბანკ ანდორასთან მატჩები რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები