Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პოლონეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
  • 22 წლის თავდამსხმელი თბილისის ლოკომოტივში დაბრუნებით კმაყოფილია

ორწლიანი განშორების შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ვატო არველაძე თბილისის ლოკომოტივში დაბრუნდა. ლოკომოტივი ამ მომენტისთვის საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. ორი ჩატარებული ტურის შემდეგ, გუნდს ქულათა მაქსიმუმი აქვს.

POPSPORT: ბოლო საუბრის დროს, რომელიც მაისის დასაწყისში გვქონდა, ლოკომოტივში დაბრუნებას არ განიხილავდი. რა შეიცვალა ამ პერიოდში?

ვატო არველაძე: ლოკომოტივში დაბრუნებით კმაყოფილი ვარ. კონტრაქტი წელიწადნახევრიანია. პოლონეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, რეალური შემოთავაზებები არ მქონია. ლოკომოტივმა კარგი პირობები შემომთავაზა, გუნდი ევროპალიგაზე ითამაშებს და ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

ვატო არველაძემ ორი სეზონი კიელცეს კორონაში გაატარა

POPSPORT: ლიდერ გუნდში ხარ. ეს შენთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა?

ვატო არველაძე: ლოკომოტივი ჩემთვის ფაქტობრივად მშობლიური კლუბია და მისი მისამართით უდიდეს პასუხისმგებლობას ყოველთვის ვგრძნობ, მითუმეტეს ახლა, როდესაც პირველ ადგილზე ვართ და ევროპალიგაზე გვიწევს თამაში. 

ამ გუნდში სამი წელიწადი გავატარე, აქედან წავედი პოლონეთში და ახლა უკან დავბრუნდი. შემოთავაზებაზე დათანხმების კიდევ ერთი ფაქტორი ის იყო, რომ ვგრძნობ - შემიძლია, როგორც ვთქვი, ფაქტობრივად ჩემთვის მშობლიურ კლუბს, მნიშვნელოვან მომენტში დახმარება გავუწიო.

POPSPORT: გუნდს ახალი და საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტი სოსო ფრუიძე ხელმძღვანელობს. როგორ გაიარე მასთან ადაპტაცია?

ვატო არველაძე: გუნდში ძალიან კარგად შემხვდნენ. ლოკომოტივის რამდენიმე ფეხბურთელი ჩემი მეგობარია და ამიტომ ადაპტაცია არ გამჭირვებია. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ისიც ძალიან ყურადღებით მომექცა. მისი მხრიდან ხელშეწყობას ვგრძნობ. ფორმის აღსადგენად დამატებითი ვარჯიშები დამინიშნა. ახლა უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და ჩემპიონატის განახლებას სრულ მზადყოფნაში შევხვდები.

ახალგაზრდა ფორვარდს ლოკომოტივთან ადაპტაცია არ უჭირს

POPSPORT: ისევ ჩვენს ბოლო საუბარს დავუბრუნდეთ. მაშინ აღნიშნე, რომ ახალი აგენტი ესპანურ ვარიანტებზე მუშაობდა.

ვატო არველაძე: იყო დაინტერესება ლევანტედან, გრანადადან და ეიბარიდან, მაგრამ სერიოზულ მოლაპარაკებებამდე საქმე არ მისულა. გასაგებიცაა, ყველა სეზონის დასრულებას ელოდება. ამ აგენტთან თანამშრომლობას ვაგრძელებ. ვიცი, რომ საკმაოდ სერიოზულად მუშაობს.

კომენტარები

ბოლო ამბები