Thumbnail
  • 'სწორედ ასე ხდება, როდესაც რეგულაციებს არ იცავთ. ეს სახუმარო ამბავი არაა'
  • ნოვაკ ჯოკოვიჩის კრიტიკა სულ უფრო ხმამაღლა ისმის, ის კი, მაინც თვითნებურად მოქმედებს

23 წლის ხორვატი ბორნა ჩორიჩი მე-2 ცნობილი ჩოგბურთელია, რომელსაც ბოლო პერიოდში კორონავირუსი დაუდგინდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ სპეციალური განცხადება ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა გააკეთა, დღეს კი, ჩორიჩის ჯერი დადგა. აი, რა დაწერა მან სოციალურ ქსელში:

“მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ბოლო დღეებში ჩემთან კონტაქტი გქონდათ, ტესტირება გაიაროთ. ძალიან ვწუხვარ, თუკი ვინმეს ზიანი მოგაყენეთ. თავს კარგად ვგრძნობ, არანაირი სიმპტომები არ მაქვს. თავს გაუფრთხილდით”.

სერბული Sportklub-ის ცნობით, ინფიცირებულნი არიან დიმიტროვისა და ნოვა ჯოკოვიჩის ფიტნეს-მწვრთნელებიც. დავირუსებული სამეული ხორვატულ ზადარში თვითიზოლაციაში იმყოფება და 5 დღის თავზე დამატებით კვლევას ჩაიტარებს.

ცნობისთვის, ეპიდაფეთქება სწორედ ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებულ ტურნირებს უკავშირდება, რის გამო სერბ ჩოგბურთელს უკვე არაერთი კოლეგა აკრიტიკებს. თავად ნოლემ კი ტესტის ჩატარებაზე უარი განაცხადა და უკვე ბელგრადში გაემგზავრა, რითაც დამატებითი განრისხება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ბელგრადსა და ზადარში ჩატარებულ შეჯიბრებებზე არანაირი სპეციალური რეგულაცია არ მოქმედებდა. მონაწილეები ერთმანეთს ეხვეოდნენ, ხელს ართმევდნენ, სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ და ა.შ. ამის გამო აღშფოთება გამოთქვეს კრის ევერტმა, ალიზ კორნემა და სხვებმა, ყველაზე მკვახე კი, სკანდალური გამონათქვამებით ცნობილი ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირიოსი იყო.

“ამ საჩვენებელი ტურნირების ჩატარება იდიოტური გადაწყვეტილება იყო. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, თუმცა, სწორედ ასე ხდება, როდესაც რეგულაციებს არ იცავთ. ეს სახუმარო ამბავი არაა”.

კომენტარები

ბოლო ამბები