Thumbnail

'თავი უცხოპლანეტელი მგონია' - კლოპი ინგლისელების საქციელით გაოცებულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'რეგულაციები, რომლებიც სხვაგან 5-6 კვირის წინ დაინერგა, ჩვენთან ახლა შემოაქვთ'
  • ლივერპულის თავკაცმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შეუტია

ინგლისური ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გაკვირვება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ინგლისში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები სხვა ქვეყნებთან შედარებით, გვიან ინერგება. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ იგივე გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით გაცილებით უკეთესი სიტუაციაა.

“ჩემთვის ახლაც გაუგებარია, რატომ დავიწყეთ დახურულ სივრცეში, ვთქვათ მაღაზიებში ნიღბების ტარება მხოლოდ 15 ივნისს, როდესაც სხვა ქვეყნებში ეს რეგულაცია 5-6 კვირის წინ შემოიღეს. შეიძლება ვიდავოთ, ეს, რამდენად სწორია, თუმცა, ფაქტია, რომ იქ, სადაც აღნიშნული დაინერგა, გაცილებით ცოტა ინფიცირებულია, ვიდრე – ინგლისში. თუკი გერმანიაში მაღაზიაში ნიღბის გარეშე შესვლას დააპირებთ, ამის უფლებას არ მოგცემენ. იქ ზოგიერთი სპეციალურ ფარსაც კი ატარებს. ინგლისში კი, როდესაც ბენზინგასამართ სადგურზე ნიღბითა და ხელთათმანებით მივდივარ, თავი უცხოპლანეტელი მგონია, რადგან, ჩემს გარშემო, ყველა თავისუფლად დადის. მიუხედავად ამისა, სანამ პანდემია არ მორჩება, რეგულაციებს არ ვუღალატებ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მე პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობას ხმას არ მივცემდი. მის მიერ გადადგმული ნაბიჯები ჩემთვის მიუღებელია. ის აშკარად სხვა პლანეტაზეა".

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით უკვე 300 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 42 589 კი გარდაიცვალა. შედარებისთვის, გერმანიაში 191 216 ინფიცირებული და 8 960 გარდაცვლილია. მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 9 მილიონია, 467 068 კი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ლივერპულს პრემიერლიგაში მორიგი მატჩი დღეს ელის. იურგენ კლოპის გუნდი ევერტონს ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში, მე-2 ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტის უკვე 25 ქულით გაუსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები