Thumbnail
  • თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში ანგარაგიუჯუ შინ ბაშაქშეჰირთან დამარცხდა
  • საბა ლობჟანიძის მოპოვებულმა 11-მეტრიანმა მასპინძლები წაგებისგან ვერ იხსნა
  • ბაშაქშეჰირის ფორვარდ დემბა ბას წყლის ბოთლი ცარიელი ტრიბუნიდან ესროლეს 

თურქეთის სუპერლიგის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს საბა ლობჟანიძის ანკარაგიუჯუ და ბაშაქშეჰირი დაუპირისპირდნენ, უცნაური შემთხვევა მოხდა. სტუმართა სენეგალელ თავდამსხმელს, დემბა ბას, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, ტრიბუნიდან წყლის ბოთლი ესროლეს.

35 წლის ფეხბურთელს, რომელსაც თავის დროზე ვესტ ჰემში, ნიუკასლსა და ჩელსიშიც უთამაშია, ბოთლი ფეხში მოხვდა და სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა. ამ ფაქტში უცნაური კი ისაა, რომ ანგარაგიუჯუ-ბაშაქშეჰირის მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე, გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა.

"მას მსუბუქი ტრავმა მიაყენეს. ის, ვინც ბოთლი ისროლა, პოლიცია იპოვნის. სამწუხაროა, მაგრამ ამავდროულად ღიმილისმომგვრელია, რომ ეს უმაყურებლო მატჩში მოხდა", - თქვა თამაშის შემდეგ ბაშაქშეჰირის მწვრთნელმა ოქან ბურუქმა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ანგარაგიუჯუ ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მასპინძლებმა ანგარიში უკვე მე-12 წუთზე, საბა ლობჟანიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტის წყალობით გახსნეს, თუმცა შემდეგ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნეს. 25 წლის ქართველი გარემარბი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, 72-ე წუთზე შეცვალეს.

ანგარაგიუჯუს თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებული 28 მატჩის შემდეგ 24 ქულა აქვს და სატურნირი ცხრილში გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზეა. საბა ლობჟანიძის გუნდი მომდევნო ტურში ტრაბზონსფორს ესტუმრება - 27 ივნისს.

კომენტარები

ბოლო ამბები