Thumbnail
  • ბულგარეთში თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს.
  • ირაკლი მწითური ვერცხლის მედალს დასჯერდა.
  • ვერცხლი მოიგო თორნიკე ძამაშვილმაც.

ბულგარეთში დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს ჭიდაობის ორივე სახეობაში, რომელშიც ტრადიციულად, ქართველი მოჭიდავეებიც მონაწილეობენ. 

ასპარეზობის მეორე დღეს ფინალურ ბლოკში 7 ქართველი ჭიდაობდა, 6-მა მათგანმა მედალი მოიპოვა, ერთიც ქართველ მეტოქესთან დამარცხდა.

ჯამში ასპარეზობის მეორე დღეს (მედლებისთვის ბრძოლა პირველ დღეს არ ყოფილა) 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოვიპოვეთ ორივე სახეობაში.  

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ირაკლი მწითური (92 კგ) ფინალში რუს აბდულრაშიდ სადულაევს ხვდებოდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქართველი დამარცხდა ფავორიტთან - 0:4 (0:10) და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

კიდევ ერთი ქართველი ჭიდაობდა ფინალში - ბერძნულ-რომაულ სტილის ჭიდაობაში თორნიკე ძამაშვილი (82 კგ) პოლონელ ედგარ ბაბაიანს ხვდებოდა. საეჭვო მსაჯობის წყალობით, პოლონელმა 3:1 (7:4) იმარჯვა. აქაც ვერხლის მედალს დავჯერდით. 

დავუბრუნდეთ, თავისუფალი სტილით ჭიდაობას. ბრინჯაოსთვის ოთარ გუგავა (61) რუმინელ ივან გუიდიას ხვდებოდა, ქართველმა დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა - 2:1. 

ნიკა კენჭაძე (79) თურქ მუჰამედ ნურს ეჭიდავებოდა და ეფექტურად აჯობა 4:0 მას. 

ბრინჯაოსთვის ქართული დუელი გაიმართა ჯაბა ყველაშვილსა და იაკობ მაქარაშვილს შორის. ამჯერად, გამარჯვება ყველაშვილს დარჩა. ასე რომ, არ წონაში (79) ქართველებმა ორივე ბრინჯაო დაისაკუთრეს. 

ბერძნულ-რომაულ სტილში ბრინჯაოსთვის რამაზ ზოიძე (72) იაპონელ ტომოჰირო ინოეს ხვდებოდა. მან შესანიშნავი 4-ქულიანი "კისრულის" წყალობით დაამარცხა მეტოქე და ბრინჯაო დაისაკუთრა. 

***
დღეს ფინალურ ბლოკში სამი ქართველი ფალავანი იჭიდავებს. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე ფინალში რიზა კაიას (თურქეთი) შეხვდება. გიორგი მელია (97) ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, მეტოქე მასპინძელი სიმენო სტანკოვიჩია. 

"თავისუფლებში" ალექსანდრე ჯაჭვაძე (74) ბრინჯაოსთვის უკრაინელ ვასილ მიხაილოვს ხვდება.

კვირას, ფინალში იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი (125) იგი ფინალში რუს მურად კუშხოვს ხვდება.  

კომენტარები

ბოლო ამბები