Thumbnail

'ჯანდაბა, აბურჯანია ვინღაა?' - ტვენტეს ახალი მწვრთნელი გიორგიზე

  • რონ იანსი ენსხედეს ტვენტეს მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ დაინიშნა
  • 61 წლის სპეციალისტის გამონათქვამები მთლად კორექტული არც აქამდე იყო

ენსხედეს ტვენტეს, რომლის ღირსებას გიორგი აბურჯანია იცავს, ახლახან ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს - რონ იანსი. სამწუხაროდ, 61 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი მედიასთან გუნდის შემადგენლობაზე საუბრისას, ქართველი ნახევარმცველის მისამართით არცთუ კორექტული გამონათქვამით გამოირჩა.

tubantia.nl-ის ინფორმაციით, რონ იანსი ახალი სეზონისთვის გუნდის მომზადებას, დაგეგმილი 1-ელი ივლისის ნაცვლად, 6 ივლისიდან დაიწყებს. 

გიორგიმ ტვენტეს მაისურით ერედივიზიეს 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა

"იანსი შემადგენლობას ეცნობა. არის სახელები, რომლებიც მისთვის ცნობილია, თუმცა გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომელთა შესახებ არაფერი იცის", - წერს საიტი. 

"ჯანდაბა, აბურჯანია ვინღაა? მის შესახებ სასაუბრო არაფერია. ამჟამად ოთხი ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც ერედივიზიეში თავი მართლა კარგად წარმოაჩინეს", - თქვა სპეციალისტმა, რომელსაც შემადგენლობის 12 ახალი ფეხბურთელით გადახალისება სურს, თუმცა ფინანსების სიმცირეზე წუხს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, რომელზეც უფლებებს ესპანური სევილია ფლობს, ტვენტეს ღირსებას იჯარით, 2019 წლის ზაფხულიდან იცავს და ხელშეკრულება ამ კლუბთან კიდევ ერთი წლით აკავშირებს.

2019/20 წლების სეზონში ტვენტეს ესპანელი გონსალო გარსია წვრთნიდა, რომელსაც კლუბმა კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა. აბურჯანიას გუნდმა, კორონავირუსის პანდემიის გამო ნაადრევად დასრულებულ ერედივიზიეში, 26 მატჩიდან მხოლოდ 7 მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები