Thumbnail
  • ვლადიმირ ვაისის გუნდმა ამხანაგურ მატჩში ლიტვის ნაკრები გაანადგურა.
  • პირველ ტაიმში ოთხი გოლი საქართველოს ნაკრებს აქამდე არასდროს გაუტანია.
  • ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წლის პირველი შეხვედრა ტრიუმფალური გამოდგა - ვლადიმირ ვაისის გუნდმა ლიტვა გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 4:0!

► ვლადიმირ ვაისი: შეუძლებელია, თამაშში 10 გოლი გაიტანო

► ისევ ტრავმა | წინასწარი ინფორმაცია ჯანო ანანიძის დაზიანების შესახებ

საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ლაღი, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი, რაც ასე ძალიან აკლდა გულშემატკივარს ბოლო წლებში. რაც მთავარია, საქართველოს ნაკრები იყო ორგანიზებული გუნდი და თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად იციდა თუ რა უნდა ეკეთებინა მოედანზე.

ქართველმა ფეხბურთელებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მატჩი შავი სამკლავურებით ჩაატარეს

ტაქტიკა და შემადგენლობა

ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკური მონახაზი აირჩია. დაცვის ფლანგებზე ოთარ კაკაბაძე და გიორგი ნავალოვსკი მოქმედებდნენ, ცენტრში გურამ კაშია და საბა კვერკველია, საყრდენ ხაზს ჯაბა კანკავა და ვაკო გვილია ამაგრებდნენ, შეტევაში კი ვაკო ყაზაიშვილის, გიორგი ჩაკვეტაძის, ჯანო ანანიძის და გიორგი ქვილითაიას კვარტეტი ვიხილეთ. თუმცა, ანანიძე თამაშის სტარტზევე დაშავდა და მის ნაცვლად თამაშში პაპუნაშვილი ჩაერთო.

საქართველოს ნაკრებმა კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. დაცვით ფაზაში გუნდი 4-5-1 ტაქტიკით მოქმედებდა და შეტევის წინა ხაზზე მხოლოდ ქვილითაია რჩებოდა.

კიდევ უფრო საინტერესოდ იცვლებოდა გუნდი შეტევით ფაზაში - ფლანგის მცველები წინ მიდიოდნენ, ჯაბა კანკავა კი უკან იხევდა, და კაშიასთან და კვერკველიასთან ერთად დაცვით ტრიოს ქმნიდა.

მუდმივმა მოძრაობამ, მობილურმა ტაქტიკამ და სწორმა სტრატეგიამ ლიტვის ნაკრებს თავგზა აუბნია - საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტაიმში გააქრო მეტოქე.

თამაში და გოლები

მატჩი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა და ლიტველთა კართან ურიცხვი რაოდენობის სახიფათო მომენტი შეიქმნა.

პირველივე ტაიმში, საქართველოს ნაკრემა 4 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. მე-15 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მარცხენა ფრთიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ, გიორგი პაპუნაშვილმა ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. 

გიორგი ქვილითაიამ ნაკრების მაისურით მეოთხე გოლი შეაგდო

23-ე წუთზე საქართველოს ნაკრების იერიში უკვე მარჯვენა ფრთიდან განვითარდა, საჯარიმოში ჩაწოდებას კი გიორგი ქვილითაიას გოლი მოჰყვა - 2:0. ამ ეპიზოდში ბურთი ბოლოს თითქოს ლიტველ მცველს შეეხო...

31-ე წუთზე, ვაკო ყაზაიშვილმა თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად, ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი გიორგი ჩაკვეტაძემ ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ულამაზესი გოლი გაიტანა, 4:0.

გიორგი ჩაკვეტაძემ პირველად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა.

18 წლის ჩაკვეტაძემ ეროვნულ გუნდში დებიუტი გოლით აღნიშნა

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა აქცენტი ბურთის კონტროლზე გააკეთა და თამაში შედარებით მშვიდ კალაპოტში გადავიდა. ვაისმა ცვლილებებს მიმართა და თამაშის საშუალება სხვა ფეხბურთელებსაც მისცა, კანკავამ, ჩაკვეტაძემ, ყაზაიშვილმა, კაშიამ და ქვილითაიამ კი მოედანი ტაშის ფონზე დატოვეს..

ანგარიში აღარ შეცვლილა - საქართველოს ნაკრებმა 4:0 სძლია მეტოქეს...

ძალიან აქტიური ოთარ კაკაბაძის პასებს გოლი და 11-მეტრიანი მოჰყვა

დასკვნა

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა საგულისხმო კომენტარი გააკეთა:

"ერთა ლიგაში დაახლოებოით ისეთი დონის გუნდებთან მოგვიწევს თამაში, როგორიც ლიტვაა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პირველ ნომრად თამაში, შევუტიოთ და უფრო მეტი გავიტანოთ, ვიდრე წინა შესარჩევ ციკლში გაგვქონდა".

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კონკრეტულად ამ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისმა და მისმა გუნდმა იდეალურად შეასრულეს ამოცანა. იმედია, ასე გაგრძელდება... 

27 მარტს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი საშინაო ამხანაგური მატჩი ელის, ამჯერად ესტონეთთან.

საქართველოს ნაკრები ესტონეთთან მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდება

საქართველო 4:0 ლიტვა

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 ქვილითაია (23), 3:0 ყაზაიშვილი (31-პენ), 4:0 ჩაკვეტაძე (40).

საქართველო: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვერკველია, გურამ კაშია (61. ლაშა დვალი), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ჯაბა კანკავა (61. ნიკა კვეკვესკირი), ჯანო ანანიძე (11. გიორგი პაპუნაშვილი), ვაკო ყაზაიშვილი (83. გიორგი მერებაშვილი), გიორგი ქვილითაია (73. ბაჩანა არაბული), გიორგი ჩაკვეტაძე (70. გიორგი აბურჯანია).

ლიტვა (სასტარტო): ერნესტას შეტკუსი, ლინას კლიმავიჩუსი, არტურას ჟულპა, დარვიდას შიარნასი, არვიდას ნოვიკოვასი, ედვინას გირდვაინისი, ოვიდიუს ვერბიცკასი, ვაიდას სლავიცკასი, ვალდემარ ბოროვსკი, ნერიუს ვალსკისი, ფეოდორ ჩერნიხი

კომენტარები

ბოლო ამბები