Thumbnail

'უბრალოდ, ყველა გაგვანადგურა' - როგორ თამაშობდა 51 წლის ჯორდანი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

შარლოტ ჰორნეტსის ყოფილმა კალათბურთელმა ედუარდო ნახერამ მაიკლ ჯორდანთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია გაიხსენა. მოგეხსენებათ, ჯორდანი ჰორნეტსის მფლობელი გახლავთ და გუნდის კალათბურთელებთან ყოველთვის ახლო დამოკიდებულება ჰქონდა, ერთ-ერთ ვარჯიშში კი თავადაც ჩაერთო და... აი, რას ჰყვება აწ უკვე 43 წლის მექსიკელი კალათბურთელი, რომელიც შარლოტულ კლუბში 2010-12 წლებში თამაშობდა.

“მაშინ გუნდს წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა, თითქმის ყველა მატჩს ვაგებდით. მაიკლმა გადაწყვიტა, რაიმე შეეცვალა, სიტუაციაზე ზეგავლენა მოეხდინა. ჩვენს ვარჯიშში ჩაერთო და თავის გუნდში ჩარლზ ოუკლი აიყვანა. სტივენ ჯექსონი ჩვეულ ამპლუაში მოგვევლონა და ჯორდანზე ზემოქმედებას შეეცადა, თრეშთოქი წამოიწყო. დაახლოებით ამგვარ რამეს ეუბნებოდა: “წარსულს ვერ დააბრუნებ. ახლა სხვა დროა და უბრალოდ, გაგანადგურებთ”. მაიკლი რეალურად გაბრაზდა.

დისკუსიაში ჩაერთო, შემდეგ კი, ის და ყველა სხვაც გაგვაცამტვერა. არადა, მაშინ 50 თუ 51 წლის იყო. ყოველი ჩაგდებული ბურთის შემდეგ სტივენს ეკითხებოდა: “აბა, პირში რა გემოს გრძნობ?”. შემდეგ მათ ერთი ერთზეც ითამაშეს და შერკინება ჯექსონისთვის კარგად არ დასრულებულა. მაიკლმა მოიგო. ეს დაუჯერებელი გახლდათ. სხვათა შორის, აღნიშნული ისტორია შარლოტისთვის სარგებლის მომტანი აღმოჩნდა. ჩვენ წაგებათა სერია შევწყვიტეთ”.

📹 / NBA Buzz

შეგახსენებთ, რომ ჯორდანი 1984 წლის დრაფტზე მე-3 ნომრად იქნა არჩეული და ჩიკაგო ბულსთან ერთად NBA-ს ჩემპიონი 6-ჯერ გახდა. მაიკლი ლიგის ფინალების 6-გზის უძვირფასესი მოთამაშეა (MVP), სეზონის MVP 5-ჯერ იყო, ლიგის “ოლ სტარში” კი 14-ჯერ უთამაშია.

სტივენ ჯექსონი NBA-ში საუკუნი დასაწყისში გამოჩნდა და ნიუ ჯერსიში, სან ანტონიოში, ატლანტაში, ინდიანაში, გოლდენ სტეიტში, შარლოტში, მილუოკისა და კლიპერსში, საერთო ჯამში, 15 წელი გაატარა. მისთვის ყველაზე წარმატებული 2002-03 წლების სეზონი იყო, როდესაც სპურსთან ერთად ლიგის ჩემპიონობა მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები