Thumbnail

საქართველოს 1 000 000 ევროს მოგების შანსი აქვს | გულუხვი უეფა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფამ ერთა ლიგის მონაწილე ნაკრებებისთვის საპრიზო ფონდი დაადგინა.
  • კიდევ ერთი სტიმული საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგაში.
  • ევრო 2020-ის საგზური და მილიონი ევრო!

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგაში წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან მილიონი ევროთი დასაჩუქრდება.

უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, ერთა ლიგის ისტორიაში პირველი ტურნირისთვის, რომელშიც 55 ევროპული ნაკრები წელს სექტემბრიდან ჩაებმება, სოლიდარობისა და საბონუსე თანხებისთვის საპრიზო ფონდი განისაზღვრა და ჯამში ის 76,25 მილიონ ევროს შეადგენს. 

თითოეული ნაკრებისთვის საპრიზო თანხის ოდენობა, პირველ რიგში, დგინდება იმ დივიზიონით, რომელშიც ის გამოდის.

ლიგა A-ში ყველა ნაკრები 1,5 მილიონ ევროს მიიღებს, ლიგა B-ში ეს თანხა მილიონ ევროს შეადგენს, ლიგა C-ში - 750 000-ს, ხოლო ლიგა D-ში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, 500 ათასი ევროა განსაზღვრული.

მაგრამ ეს ყველაფერი არაა - თითოეულ ჯგუფში გამარჯებულისთვის საპრიზო თანხა გაორმაგდება.

საქართველოს ნაკრებს D ლიგის 1-ელ ჯგუფში მეტოქეებად ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორას ეროვნული გუნდები ჰყავს. ამრიგად, მაქსიმალური საპრიზო თანხა, რომლის გამომუშავებაც ვლადიმირ ვაისის გუნდს ამ ტურნირში შეუძლია, მილიონი ევროა - თუკი, რა თქმა უნდა, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.

უეფამ ერთა ლიგის კალენდარი საქართველოს სასარგებლოდ შეცვალა

► მეტოქე ყაზახეთს მწვრთნელი დაუნიშნეს | ვლადიმირ ვაისს ეს არ მოეწონება

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე უეფა ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის 4 საგზურს ათამაშებს. იმისათვის, რომ ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დაიკავოს, მერე კი, 2020 წლის მარტში ითამაშებს პლეი ოფში, სადაც ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება. ფინალის მოგების შემთხვევაში, საქართველო ევრო 2020-ზე გავა.

მარტივი ახსნა: როგორ მოვხვდეთ ევრო 2020-ზე

რაც შეეხება ტურირნირის ფინალური ეტაპის საპრიზო ფონდს, A ლიგის ჯგუფებში გამარჯვებულები ერთა ლიგის თასს 2019 წლის ივნისში გაითამაშებენ.

ერთა ლიგის გამარჯვებული 4,5 მილიონ ევროს მიიღებს, ფინალისტი - 3,5 მილიონს. მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული ნაკრებები, შესაბამისად, 2,5 მილიონ და 1,5 მილიონი ევროთი დასაჩუქრდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები