Thumbnail
  • ქართველმა მორაგბემ სახელოვანი კარიერის უმნიშვნელოვანესი ლელოები დაასახელა
  • დავით ზირაქაშვილი ფრანგული კლერმონისა და საქართველოს ნაკრების ლეგენდა გახლდათ

ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბემ დავით ზირაქაშვილმა, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ მცირე ხნის წინ განაცხადა, საკლუბო და სანაკრებო დონეზე ყველაზე მიშვნელოვანი ლელოები დაასახელა. მის კომენტარებს Rugger.info ავრცელებს.

“ბორჯღალოსანთა” მაისურით მან უმნიშვნელოვანესი ლელო რუსეთთან იმ მატჩში დადო, რომელიც ქართველ ქომაგს კარგად უნდა ახსოვდეს. საქართველოს და რუსეთს შორის 2008 წლის ომის შემდეგ, რაგბი ევროპის ხელმძღვანელობამ მეტოქეებს ნეიტრალურ მოედნებზე თამაში დაავალა. 2009 წელს რუსებმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში გვიმასპინძლეს, საქართველო კი, 2010-ში, პრინციპულ მეტოქეს თურქულ ტრაბზონში დაუხვდა და მართალია, ის მატჩი “ბორჯღალოსნებმა” 36:8 მოიგეს, თამაშის სტარტი იოლი არ ყოფილა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტრაბზონში ეროვნული ჰიმნების შესრულებისას

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები 3:5-ს აგებდა, ამას კი, ირაკლი აბუსერიძისა და ილია ზედგინიძის ტრავმები ემატებოდა. სწორედ ამ რთულ მომენტში ზირაქაშვილმა თამაში თავის თავზე აიღო, გარემარბის სტილში გაისარჯა, ათეულობით მეტრი ირბინა და ბურჯისთვის უჩვეულო ლელო მიითვალა. 

“ის ლელო ჰაერივით გვჭირდებოდა. წარმოიდგინეთ: რუსებმა ლელო დაგვიდეს, ვაგებდით, პარალელურად კი, ზედგინიძემა და აბუსერიძემ მძიმე ტრავმები მიიღეს და მინდორი დასისხლიანებული თავებით დატოვეს. მოკლედ, გუნდი თითქმის დემორალიზებული იყო. ბიჭებს გადავხედე და უხასიათობა ეტყობოდათ. ისეთი სახეები ჰქონდათ, რომ მოგება ძალიან საეჭვო იყო, არადა, ფსიქოლოგიური განწყობა სპორტში უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც, მათ შევუძახე: “თავები აწიეთ, 0:100-საც რომ ვაგებდეთ, დანებება არ შეიძლება!”. და სწორედ იმ დროს თამაშში აბუ დაბრუნდა. მას თავი ჰქონდა გატეხილი და წესით, საავადმყოფოში უნდა წაეყვანათ, თუმცა, უარი თქვა. თავი ბინტით გადაუხვიეს და თამაში გააგრძელა. მალევე კარგი შეტევა წამოვიწყეთ, ბურთი მომივიდა, ცრუ მოძრაობა გავაკეთე, რასაც მცველი დაჰყვა და წინ დიდი დერეფანი გამეხსნა. ეს, ძალიან მნიშვნელოვანი ლელო იყო. ის რომ ვერ დაგვედო და რუსებს კიდევ 1 ჯარიმა მაინც გაეტანათ, დიდი ალბათობით, წავაგებდით. მაშინ ისინი მატჩისთვის უფრო კარგად იყვნენ მომზადებულნი და ფიზიკურად უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა, ფსიქოლოგიურად ჩვენ ყოველთვის უფრო ძლიერები ვართ”.

საკლუბო დონეზე ზირაქაშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი ლელო 2009-10 წლების სეზონს უკავშირდება. მაშინ ქართველი მორაგბის კლერმონი ფრანგული TOP 14-ის ნახევარფინალში ტულონს ეთამაშებოდა და დავითმა შედეგიანი შეტევა 69-ე წუთზე განახორციელა (მოგვიანებით, “ვულკანებმა” პერპინიანსაც აჯობეს და პირველად ისტორიაში, საფრანგეთის ჩემპიონობა მოიპოვეს). ზირაქაშვილის ის ლელო დღემდე საკამათოდ რჩება, რადგანაც ბევრის აზრით, ბურთის დამიწებამდე, ის, ქართველ ბურჯს წინ დაუვარდა. აი, როგორც იხსენებს იმ ეპიზოდს თავად ზირაქაშვილი:

“ის ლელო არ უნდა ჩათვლილიყო? ამაზე ტულონელები საუბრობენ, რადგანაც იმ შეტევამ ბევრი რამ გადაწყვიტა. მათ ანგარიშის გათანაბრება კი მოახერხეს, თუმცა, დამატებით დროში მოგება მაინც ჩვენ დაგვრჩა. რაც შეეხება ლელოს: როდესაც ბურთის დამიწება დავიწყე, სონი ბილ უილიამსმა ხელში ამომარტყა, ოვალი გამისხლტა, თუმცა, სანამ მინდორს შეეხებოდა, მასზე კონტროლის აღდგენა მოვახერხე. იმ მომენტის გამეორება ათასჯერ მაინც მინახავს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ლელოს ყველა არბიტრი ჩათვლიდა. ეპიზოდმა მართლაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ამბობდნენ, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, თუმცა, საბოლოოდ, უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ყველაფერი წესების დაცვით მოხდა. რომ არა თამაშის მნიშვნელობა, იმ მომენტს ასეთი გამოძახილი არ მოჰყვებოდა, თუმცა, მაშინ ძალიან ბევრი რამ წყდებოდა, ასე რომ, ეს ყველაფერი არ გამკვირვებია”.

შეგახსენებთ, რომ ზირაქაშვილი კლერმონში 2004 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ გუნდისთვის არ უღალატია (332 მატჩი, 19 ლელო), ამდენად, მას “ვულკანების” ერთ-ერთ ლეგენდად სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ. დავითი 2010 და 2017 წელს საფრანგეთის TOP 14-ის ჩემპიონი გახდა (ამასთან, 5 ფინალი აქვს წაგებული), “ბორჯღალოსანთა” მაისურით კი, 2003, 2007 და 2015 წლების მსოფლიოს თასებზე უთამაშია. 53 სანაკრებო მატჩში მას 8 ლელო აქვს დადებული.

კომენტარები

ბოლო ამბები