Thumbnail

ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე იმ კალათბურთელთა შორის მოხვდა, რომელთაც NBA-ს სეზონის განახლების შემდეგ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი დაეკისროთ. Сlutchpoints-მა X-ფაქტორი უწოდა 20 წლის ქართველ ცენტრს, რომელსაც პირველ ამერიკულ სეზონში თამაში მცირე ხანს უწევს, თუმცა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზა, შესაძლოა, მისთვის სარგებლიანი აღმოჩნდეს.

“NBA სეზონის გაგრძელებას 30 ივლისს ორლანდოში აპირებს და უდავოა, რომ დიდი პაუზის შემდეგ, გადამწყვეტ ეტაპს ყველა ერთნაირ ფორმაში ვერ შეხვდება. ვფიქრობთ, რომ იმ გუნდებს შორის, რომელთაც საკმაოდ შორს მიმავალი გეგმები უნდა ჰქონდეთ, ინდიანა პეისერსიცაა. ვიქტორ ოლადიპო მძიმე ტრავმის შემდეგ ლიდერის ფუნქციის დაბრუნებას ცდილობდა, პროცესი მცირედით გაიწელა, გასულ თვეებში კი, მას მზადებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. ოლადიპოს სასტარტო ხუთეულში მალკოლმ ბროგდონის, ტი ჯეი უორენის, მაილს ტერნერისა და დომანტას საბონისის სახით გაცილებით ნიჭიერი კალათბურთელები ახვევია, ვიდრე – გასულ წლებში.

ინდიანას მწვრთნელი ნეიტ მაკმილანი და გოგა ბითაძე

პეისერსს სეზონის შეწყვეტამდე 39 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილი ეკავა, ამდენად, ცხადია, რომ დარჩენილი 8 მატჩის შემდეგ, გუნდი პლეი-ოფში ითამაშებს. ქომაგებს იმედი აქვთ, რომ ინდიანა გაცილებით მეტსაც მიაღწევს, რისთვისაც დამატებითი ენერგიაც დასჭირდება. ვფიქრობთ, რომ პეისერსს ჰყავს კიდევ 2 წევრი, რომელთაც სეზონის განახლების შემდეგ X-ფაქტორის როლის თამაში შეუძლიათ. ესენი აარონ ჰოლიდეი და გოგა ბითაძე არიან”, - წერს Сlutchpoints-ი და აღნიშნულ კალათბურთელებზე დამატებით წერს. ცხადია, ჩვენ ქართველი ცენტრი უფრო გვაინტერესებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

გოგა ბითაძე

“ინდიანა გოგა ბითაძეს გაცილებით მეტად უნდა ენდოს. აქამდე, მას სათამაშო დრო იშვიათად ეძლეოდა, თუმცა, საერთო წარმატებისთვის აუცილებელია, რომ მას საბონისისა და ტერნერის შემდეგ, სოლიდური როლი ერგოს. მიმდინარე სეზონში გოგამ 49 მატჩის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ 3.1 ქულას, 2.0 მოხსნასა და 0.7 დაფარებას აგროვებდა, თამაშიდან 47.3%-იანი სიზუსტით ესროდა, სამქულიანებში კი 16.7% ჰქონდა. უდავოა, რომ ბითაძეს დიდი და მრავალწლიანი პოტენციალი გააჩნია. კალათბურთელი, რომლის სიმაღლეც 2.11 მეტრია, ხოლო წონა - 113 კილოგრამი, გამოირჩევა კარგი სროლით, შეუძლია სამწამიანი ზონის დაცვა და პასის გაცემაც შეუძლია. მას თითქმის ყველა ასპექტში დახვეწა კიდევ სჭირდება, თუმცა, ეს, ლიგის ახალბედებისთვის ჩვეული ამბავია. ვფიქრობთ, რომ იძულებითი პაუზა გოგას მხოლოდ წაადგება. მან სეზონის განახლების შემდეგ 10-15 წუთი უნდა მიიღოს, თუკი პეისერსი აქცენტის გაკეთებას ტი ჯეი ლიფზე არ გადაწყვეტს. ნეიტ მაკმილანსა და კევინ პრიჩარდს ბითაძის პოტენციალის სჯერათ და მისი უფრო მეტად დატვირთვის არ უნდა შეეშინდეთ”.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, NBA აპირებს, რომ 30 ივლისს სეზონი ერთ ქალაქში, კერძოდ კი, ორლანდოში განაახლოს. 30 კლუბიდან სეზონს 22 გააგრძელებს. იმ 16 კლუბს, რომლებიც მიმდინარე ცხრილით ეკუთვნით პლეი ოფი, ემატება ნიუ ორლეანი, პორტლენდი, საკრამენტო, სან ანტონიო, ფინიქსი და ვაშინგტონი. რეგულარულ სეზონში გუნდები 8-8 მატჩს ითამაშებენ. გათვალისწინებულია მინი ტურნირი კონფერენციაში მე-8 საგზურისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები