Thumbnail

ასანიძე: ოლიმპიური პროგრამიდან ძალოსნობის ამოღება ყველასთვის ცუდი იქნება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ტამაშ აიანმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. ასევე, უარი თქვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საპატიო წევრის სტატუსზე. მიზეზი მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიაა, რომლის მიხედვითაც ტამაში კორუფციასა და დოპინგის გამოყენების ფაქტების დამალვაშია ბრალდებული.

ამ საკითხების შესასწავლად, საერთაშორისო კომიტეტმა დამოუკიდებელი კომისია შექმნა და გამოძიება დაიწყო. პირველადი დასკვნით, აიანის პრეზიდენტობის დროს, მართლაც ჰქონდა ადგილი კორუფციულ გარიგებებს და მათ შორის არჩევნების გაყალბებას.

ამ ამბავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი გამოეხმაურა და ისიც კი თქვა, რომ შესაძლოა, ოლიმპიური თამაშებიდან ძალოსნობა მოიხსნას.

ამ თემაზე, პოპსპორტისთვის კომენტარი საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ გააკეთა:

"ჩემი ინფორმაციით, ძალოსნობაში წელიწადში მინიმუმ 10 ტესტირება კეთდება, როდესაც სხვა სახეობებში სპორტსმენებს მხოლოდ 2-ჯერ ამოწმებენ. წლებია, რაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია დოპინგის წინააღმდეგ იბრძვის და ამ პროცესში საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაც ჩართულია. დინამიკას თუ გადავხედავთ, ჩავარდნილი სპორტსმენების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. თუ ძალოსნობას ოლიმპიური თამაშებიდან ამოიღებენ, ეს ცუდი იქნება არა მარტო ჩვენი სახეობისთვის, არამედ მთელი ოლიმპიური მოძრაობისთვის. ბუნებრივია, ეს ცუდი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ოლიმპიადაზე ძალოსნობაში მედლების მოპოვების რეალური შანსები გვაქვს. მოკლედ, ეს ცუდი იქნება ყველასთვის".

კომენტარები

ბოლო ამბები