Thumbnail

რუსეთის ისტორიული მარცხი | ბრაზილიამ მოსკოვში ნეიმარის გარეშე "ივარჯიშა"

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრაზილიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სტუმრად მუნდიალის მასპინძელი შეარცხვინა.
  • ტიტეს გუნდმა მატჩის ბედი 13 წუთში გადაწყვიტა, დანარჩენი დრო გართობაში გაატარა.
  • რუსეთის ნაკრებმა ასეთი დიდი ანგარიშით საკუთარ მოედანზე ისტორიაში პირველად წააგო.

რუსეთი 0:3 ბრაზილია

ტიტემ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება ნეიმარის გარეშე, მუნდიალის მასპინძელ რუსეთში გამართული ამხანაგური მატჩით დაიწყო და მეტოქის დონის გათვალისწინებით, საკმაოდ ნორმალურად.

ყოველ შემთხვევაში, სტუმრად ცივ მოსკოვში გატანილი სამი გოლი და მშრალად შენახული კარი ბრაზილიელთათვის ურიგო შედეგი არ უნდა იყოს. ტიტე კი თავისი გუნდის პლუს-მინუსებზე უფრო მკაფიო წარმოდგენას მომდევნო საკონტროლო მატჩში შეიქმნის, რომელსაც სტუმრად ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან, ოთხი დღის შემდეგ ჩაატარებს.   

ბრაზილიისა და რუსეთს ნაკრებები ერთმანეთს მეექვსედ დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა 4-ჯერ მოიგეს, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა. 

პატარა რუსი ქომაგები: სმოლოვი რონალდოზე უკეთესია

რაც შეეხება "ლუჟნიკებზე" გაჩარებულ თამაშს, ბრაზილიელთა უპირატესობა ანგარიშში მხოლოდ მეორე ტაიმში აისახა, იქამდე კი მასპინძლებიც თამაშობდნენ. არადა, გატანა სტუმრებს უკვე მე-5 წუთზე შეეძლოთ, როდესაც დანი ალვეშის გრძელი პასით ერთი-ერთზე მეკარესთან პირისპირ ჟეზუში დარჩა, მაგრამ მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა იგორ აკინფეევს ვერ აჯობა. 

ბრაზილიელები თითქოს გატანას არ ჩქარობდნენ, შედეგად კი რუსებს ტაიმის მიწურულს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა. 10-წუთიან მონაკვეთში ზობნინმა, სმოლოვმა, სამედოვმა და მირანჩუკმა შეამოწმეს ალისონის საიმოდოობა. 

რუსეთის ნაკრებმა ანტირეკორდი დაამყარა. აქადე გუნდს საშინაო მატჩში სამი და მეტი სხვაობით წაგებული არასდროს ჰქონდა.

მეორე ტაიმიც პირველის სცენარით დაიწყო - აკინფეევს კვლავ მოუხდა თამაშში ჩართვა მას შემდეგ, რაც ერთი შეხებით კარში ბურთს პაულინიო გზავნიდა, აი, 53-ე წუთზეб ჟოაო მირანდას დარტყმულს წინ კი უკვე ვეღარ აღუდგა.  

ამის შემდეგ იყო 13-წუთიანი მონაკვეთი და 0:3. მეორედ მასპინძელთა კარში პაულინიოს წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანით ფილიპე კოუტინიომ (62) შეაგდო, შემდეგ კი ბარსელონას ნახევარმცველმა მარჯვენა ფლანგიდან ვილიანის ჩაწოდებულს თავი კარგად შეაგება და 66-ე წუთზე გოლი თავადაც მიითვალა.

კოუტინიომ ეროვნულ ნაკრებში მე-9 გოლი მიითვალა

ბრაზილიელები ისევ მოეშვნენ, რუსები კი გააქტიურდნენ და პრესტიჟის გოლის გატანის შანსი რამდენჯერმე მიეცათ. ყველაზე ახლოს მასპინძლები მიზანთან 83-ე წუთზე იყვნენ - მირანჩუკმა ბურთი ალისონს თავზე კი გადაუგდო, მაგრამ კარი ტიაგო სილვამ იხსნა. 

"მომეწონა ის, თუ როგორ ჩავატარეთ შეხვედრა. გუნდი კარგადაა ტექნიკურად მომზადებული. ჩვენ შევძელით განგვეხორციელებინა ის, რაც დავგეგმეთ და მთლიანობაში, ამოცანას გავუმკლავდით. გუნდი სრულებით მზადაა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის", - თქვა ტიტემ მოსკოვური მატჩის შემდეგ.

რუსეთის ნაკრებს შემდეგი მატჩი სანკტ-პეტერბურგში, მომავალი მუნდიალის კიდევ ერთ ფავორიტთან - საფრანგეთთან, 27 მარტს ელის, ტიტეს შეგირდებს კი ამავე დღეს გერმანიასთან პირადი ანგარიში აქვთ გასასწორებელი - შინ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში შერცხვენისთვის (1:7). ბერლინში გამოჩნდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები