Thumbnail

ნიუკასლის მორიგი სამიზნე - სერია A-ს ბომბარდირიც პრემიერლიგაში?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ინგლისური კლუბი მზადაა ჩირო იმობილეს სეზონში 5 მილიონი ევრო უხადოს
  • 'კაჭკაჭები' სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობენ, თუმცა, ჯერ საქმეზე არ გადასულან

ინგლისურმა ნიუკასლმა, რომელსაც ზურგი საუდის არაბელი მდიდარი ბიზნესმენებით აქვს გამაგრებული, სატრანსფერო ბაზარზე მორიგი სამიზე მონიშნა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პრემიერლიგის კლუბის ინტერესის სფეროში რომის ლაციოს ფორვარდი ჩირო იმობილე მოექცა.

“კაჭკაჭები” მზად არიან 30 წლის იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადონ და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმონ, თავად ჩირო კი სეზონის განმავლობაში 8 მილიონს მიიღებს, რაც ძალიან კარგი შეთავაზებაა.

ცნობისთვის, იმობილესთან განშორება ლაციოს გეგმებში არ შედიოდა და მცირე ხნის წინ, ერთ-ერთ ლიდერს კონტრაქტის 2025 წლამდე გაგრძელება შესთავაზა, თუმცა, მისი დათანხმება ძალიან გაუჭირდება. მიზეზი მარტივია: იტალიელები ჩიროს სეზონში 4 მილიონს სთავაზობენ, რაც ნიუკასლის წინადადებაზე ზუსტად 2-ჯერ ნაკლებია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩირომ სერია A-ს 26 მატჩში ითამაშა და მის აქტივში 27 გოლი და 7 საგოლე პასია. ის მე-2 ადგილზე მყოფ კრიშტიანო რონალდოს 6 გოლით უსწრებს.

BBC ჯერ კიდევ აპრილში წერდა, რომ ნიუკასლი 300 მილიონ გირვანქად საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ფონდმა და ძმები რუბენსების კონგლომერატმა იყიდა.

მას შემდეგ “კაჭკაჭებს” საკმაოდ ხმაურიან ტრანსფერებს უკავშირებენ. მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინიო, მასიმილიანო ალეგრი და რაფაელ ბენიტესი განიხილებიან, ცნობილ ფეხბურთელთაგან კი, კლუბს გარეთ ბეილს, ედინსონ კავანისა და ფილიპე კოუტინიოს უკავშირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები