Thumbnail

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია კარიერას მოსკოვის ცსკა-ში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ბერძნული სააგენტო Sdna.gr ავრცელებს სათაურით - "საზაფხულო ბომბი აფეთქდა, შენგელია ცსკა-ში ითამაშებს!".

როგორც ირკვევა, რუსული გრანდი ქართველ მძიმე ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. მხარეებს შორის უკვე ყველაფერი გარკვეულია და ახლა, საბოლოო დეტალები ესპანურ ბასკონიასთან განიხილება.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას ბასკურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ბასკონია კომპენსაციის სახით 1.5 მილიონ ევროს ითხოვდა. ბერძნული ვებ-გვერდის ცნობით, ცსკა-მ ესპანელები თანხის შემცირებაზე დაითანხმა და მოლაპარაკებებმაც წინ სწორედ ამის შემდეგ წაიწია.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ბასკონიას ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ითვლება. მიმდინარე სეზონში ის ევროლიგაში საშუალოდ 15.9 ქულას, 5.6 მოხსნასა და 2.9 პასს აგროვებს, ესპანეთის ლიგა ენდესაში კი – 16.6 ქულას, 6.3 მოხსნასა და 2.7 პასს.

ქართველი კალათბურთელი ამჟამად ბასკონიასთან ერთად ვალენსიაში იმყოფება, სადაც 17 ივნისიდან ესპანეთის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი იწყება და შენგელიაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

კომენტარები

ბოლო ამბები