Thumbnail

ზიდანი მჭიდრო გრაფიკის გამო ღელავს - რამოსი ფინალებზე საუბრობს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • რეალი 3:1 ეიბარი
  • ზიდანმა ყურადღება მჭიდრო გრაფიკზე გაამახვილა
  • რამოსი დარჩენილი ათივე თამაშის მოგებას აპირებს

ვირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ, მადრიდის რეალი გამარჯვებით დაბრუნდა - ზიდანის გუნდმა ეიბარი უშანსოდ დაამარცხა და ლიდერ ბარსელონას მხოლოდ 2 ქულით ჩამომორჩება. განახლებულ ჩემპიონატში გუნდებს კვირაში ორი თამაშის ჩატარება უწევთ და ზიდანმა ყურადღება ამ ფაქტორზე გაამახვილა.

ზიდანი: "ამ მომენტში ფეხბურთი ძალიან განსხვავებულია იმისგან, რაც მიჩვეულები ვიყავით. თუმცა, ამ რეალობას უნდა შევეჩვიოთ. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ გაგვიჭირდა. კიდევ 10 თამაში გვაქვს. გრძელი სათადარიგოთა სკამი გვაქვს და თითოეული მოთამაშე მზად არის, რომ თავისი როლი შეასრულოს".

მან დაადასტურა, რომ როტაციას ხშირად მიმართავს, მათ შორის, უკვე შემდეგ თამაშშიც, როდესაც შუა კვირაში მადრიდელები ვალენსიას შეხვდებიან. მაგალითად, დაისვენებს დანი კარვახალი, რომელმაც მუხლის მცირე ტრავმა მიიღო.

ოპტიმისტურ ნოტაზე იყო რეალის კაპიტანი სერხიო რამოსი. მანაც ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ძალიან კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, მადრიდელებმა ტემპი დააგდეს.

რამოსი: "სეზონის ამ მონაკვეთში მთელი თამაშის ერთი და იმავე ტემპში ჩატარება რთულია. მეორე ტაიმში მოვუკელით. ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას დავუბრუნდებით. წინ კიდევ 10 ფინალი გვაქვს და ათივე უნდა მოვიგოთ".

მადრიდელებს დარჩენილი შეხვედრებიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული, ოთხშაბათს, ვალენსიას წინააღმდეგ ელით.

კომენტარები

ბოლო ამბები