Thumbnail

'სჯობს, ის ბოლომდე მომჯობინდეს' - შვედეთში სეზონი ხარაიშვილის გარეშე დაიწყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'გიორგი თითქმის მწყობრშია, თუმცა, დრო კიდევ სჭირდება. საუბარია ერთ კვირაზე'
  • გიოტებორგმა ქართველი ფეხბურთელის გარეშე ითამაშა და ელფსბორგთან წააგო

გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგისთვის შვედეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო. 23 წლის ქართველი ნახევარმცველის გუნდი მშობლიურ Gamla Ullevi-ზე ელფსბორგთან 0:1 დამარცხდა, ჩვენებური კი ტრავმირებულია და მინდორზე არ გამოჩენილა.

გიოტებორგელებმა გადამწყვეტი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაუშვეს, თამაშის ბოლოსკენ კი 10 ფეხბურთელის ამარა დარჩნენ და ფინალური შტურმიც ვერ მოაწყვეს. საერთოდაც, ხარაიშვილის გუნდი სუსტად გამოიყურებოდა, ამდენად, მატჩის შემდეგ, გიოტებორგის მთავარ მწვრთნელს პოია ასბაგის ერთ-ერთი პირველი ის ჰკითხეს, ქართველი ლეგიონერის დაბრუნებას როდის უნდა ველოდეთ. აი, პასუხიც:

“დღეს მისი განაცხადში შეყვანა არც გვიფიქრია, ეს, შეუძლებელი იყო. გიორგი თითქმის მწყობრშია, თუმცა, მცირე დრო კიდევ სჭირდება. საუბარია დაახლოებით ერთ კვირაზე. შემდეგი შეხვედრა ხუთშაბათს გველის და ალბათ, მასაც გამოტოვებს. ვარბერგთან მატჩი რომ ბოლო იყოს და ყველაფერი იქ წყდებოდეს, ალბათ, ხარაიშვილს ვათამაშებდი, თუმცა, სეზონის სტარტზე აჩქარება არ გვარგებს. სჯობს, ის ბოლომდე მომჯობინდეს”.

ამგვარად, დიდი ალბათობით, ქართელი ფეხბურთელის მინდორზე დაბრუნებას 22 ივნისს უნდა ველოდეთ. ამ დღეს, ალსვენსკანის მე-3 ტურის ეგიდით, გიოტებორგელები მიალბის უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები