Thumbnail

მიუნხენის ბაიერნის ჩემპიონობა (კიდევ ერთხელ) გარდაუვალია, რეკორდმაისტერი ბრწყინვალე ფორმაშია და კორონა-სეზონში ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ წესით, მიუნხენურ გრანდში ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის…

რამდენიმე დღეა, გერმანული მედია აქტიურად წერს შიდა დაპირისპირების შესახებ ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელებს შორის, რასაც თომას მიულერის განცხადებამ დაუდო სათავე. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გერმანიის თასის ნახევარფინალური მატჩის (2:1 აინტრახტთან) შემდეგ, მიულერმა თქვა: “პარადოქსია ის, რომ ტრანსფერებზე ვლაპარაკობთ და ამავდროულად ხელფასებს ვზოგავთ.”

30 წლის შემტევმა ამით, უნდოდა თუ არ უნდოდა, კლუბის ხელმძღვანელები გააკრიტიკა. მიულერს არ მოსწონს ტრანსფერებზე ლაპარაკი იმ დროს, როცა ფეხბურთელებმა ხელფასები დაიკლეს. ამის გამო თომასი ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა გააკრიტიკა. “ის, რაც თომასმა თქვა, ნამდვილად არ არის მოსაწონი. ამის შემდეგ მას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მისი მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება არასწორი საქციელია.” - თქვა სალიჰამიჯიჩმა.

მოგვიანებით, მიულერის მიემხრო ბაიერნის მეკარე და კაპიტანი მანუელ ნოიერი, რომელმაც გლადბახთან მოგებული მატჩის შემდეგ შემდეგი რამ თქვა: “კლუბში აშკარად ორი სხვადასხვა პერსპექტივაა. თუ საჭიროა, ნებისმიერ თემაზე უნდა ვისაუბროთ, ოღონდ არა საჯაროდ. მე ჰასანისაც კარგად მესმის, იგი გუნდს წარმოადგენს და საკადრო დაგეგმარებაზეა პასუხისმგებელი.”

გერმანელმა ჟურნალისტებმა მიულერის კრიტიკული სიტყვების შესახებ კომენტარი ბაიერნის მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკსაც სთხოვეს: “ეს თომასის განცხადებაა. საკუთარი აზრის გამოთქმას ვერცერთ ფეხბურთელს ვერ ავუკრძალავ.” - აღნიშნა რეკორდმაისტერის 55 წლის მწვრთნელმა და დასძინა: “ტრანსფერები აუცილებლად იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები იძულებულები არიან, ხელფასები დაიკლონ. ფეხბურთელები კიდეც მოვლენ და კიდეც წავლენ.”

ახლა, ამ მითქმა-მოთქმას თვითონ თომას მიულერიც გამოეხმაურა კიდევ ერთხელ. მან ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა და ამბობს: “ბაიერნში ზაფხულის ტრანსფერებთან დაკავშირებით არანაირი დაპირისპირება არ არის. ჩვენ სულ სხვა მიზეზით ვთქვით უარი ხელფასების ნაწილზე - ეს ჩვენი კლუბის თანამშრომლებისთვის გავაკეთეთ. ჩემი ნათქვამი ბევრმა არასწორად გაიგო. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ნერვები მეშლება, როცა თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ პირდაპირ ზაფხულის ტრანსფერებზე მეკითხებიან.”

მიულერის ეს ახსნა-განმარტება ბევრ უბრალოდ სიტუაციის შესამსუბუქებლად გაკეთებულ განცხადებად მიაჩნიათ...

ბაიერნი 2:1 გლადბახი

გოლები: 1:0 ზირკზეე (26), 1:1 პავარი (37-საკ. კარში), 2:1 გორეტცკა (86)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ლ. ერნანდესი (62. დევისი) - კიმიხი, გორეტცკა - გნაბრი, კუიზანსი (62. კომანი), პერიშიჩი (88. ხავი მარტინესი) - ზირკზეე (77. ვრიდტი)

კომენტარები

ბოლო ამბები