Thumbnail

აფრასიძის ახალი კონკურენტი - მონპელიემ მსოფლიოს ჩემპიონი გადაიბირა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 9 ნომერს გელა აფრასიძეს მონპელიეში კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა და თანაც როგორი – ფრანგულმა გრანდმა კონტრაქტი გაუფორმა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ვარსკვლავ კობუს რეინახს, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

30 წლის რეინახმა პროფესიული კარიერა აფრიკულ შარქსში დაიწყო, ევროპაში კი 2017 წელს გადაბარგდა, როდესაც ინგლისური ნორსჰემპტონში ჩაირიცხა და მას შემდეგ 54 მატჩში 155 ქულის აღება მოახერხა. გასულ მსოფლიოს თასზე, როდესაც “ქურციკებმა” კანადას 66:7 სძლიეს, ის ტურნირის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა, სულ კი, ეროვნულ გუნდში 14 კეპი აქვს მოხვეჭილი. რეინახის მისვლამდე, მონპელიემ 2 ჰავბექი - ფრანგი ენცო სანგა და სამოელი კან ფოტუალი’ი გაუშვა, ამდენად, აფრიკელს კონკურენცია აფრასიძესთანა და საფრანგეთის ნაკრების წევრ ბენუა პაიოგთან მოუწევს.

“კობუსს დამატებითი წარდგენა არ სჭირდება. ის მსოფლიოს ჩემპიონია, რომელსაც საოცარი მონაცემები აქვს. რეინახს გუნდისთვის დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია და ეს ეხება, როგორც ახლო თამაშს, ასევე - ფეხით გარჯას. ნორსჰემტოპნში ის უპირატესობის ხაზთან ძალიან ოსტატურად თამაშობდა და ამის წყალობით, ინგლისურ კლუბს ბევრი ქულა შესძინა. დარწმუნებული ვარ, კობუსი, გელა და ბენუა ერთმანეთს კარგად შეავსებენ. მათი გუნდში ყოფნით, 9 ნომრის პოზიციაზე პრობლემა არ უნდა შეგვექმნას“, - განაცხადა ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ გარბახოსამ, რომელსაც  1994-2007 წლებში “სამფეროვანთა” ნაკრებში 32 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ მონპელიემ 22 წლის აფრასიძე 2017 წელს მიიწვია. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური უკვე 17 შეხვედრაში აქვს მორგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები