Thumbnail

‘გავაკეთოთ ეს ქართველი ხალხისთვის’ - დვალიშვილის მოწოდება UFC-ის შეფებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მერაბ დვალიშვილს UFC-ში უკვე ზედიზედ 4 ბრძოლა აქვს მოგებული!

გუსტავო ლოპესის დამარცხების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა მწვრთნელსა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა, შონ ო’მალი კიდევ ერთხელ გამოიწვია და UFC-ის ორგანიზატორებს ღონისძიების საქართველოში გამართვისკენ მოუწოდა.

“ჩემთვის სულერთია, ვის ვეჩხუბები. მეტოქე ბოლოს შეიცვალა. ბორგს რაღაც ოჯახური პრობლემები შეექმნა. ღმერთმა დაიფაროს ის და მისი ოჯახი. არ მაინტერესებდა, ვინ იყო ახალი მეტოქე, არ მაინტერესებდა, საიდან იყო იგი. მე აქ ბრძოლისთვის ვარ, ძალიან მიყვარს ბრძოლა. მოკლედ, მე ჩემი საქმე გავაკეთე. ასე რომ, დიდი მადლობა ჩემს დიდ გუნდს - მიყვარხართ, ბიჭებო! მადლობა ჩემს მწვრთნელებს.” - განაცხადა დვალიშვილმა ბრძოლის შემდეგ და დასძინა: “დიდ პატივს ვცემ შონ ო’მალის, მაგრამ მინდა, რომ ამის შემდეგ მას ვეჩხუბო. მოდით, გავაკეთოთ ეს, ვაჩვენოთ ყველას მაგარი ჩხუბი. და კიდევ ერთი: ჩავატაროთ UFC მალე საქართველოში! გავაკეთოთ ეს, ქართველი ხალხისთვის.”

ჟურნალისტმა მერაბს შონ ო’მალიზე უფრო ვრცელი კომენტარი სთხოვა, რაზეც დვალიშვილის ასეთი პასუხი მიიღო: “როგორც ვთქვი, მის მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი. მისი ბოლო პერფორმანსი, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი იყო. ის დიდი მებრძოლია და ეს ყველამ იცის. მაგრამ მე მჯერა ჩემი თავის. კარგი ბიჭი ვარ, სისულელეებს არ ვლაპარაკობ - ვიცი, რომ ეს შემიძლია. როგორც ადრე ვთქვი, მას შეუძლია, გააგრძელოს მოწევა, მე კი ვარჯიშს გავაგრძელებ. ვნახოთ. ჯანმრთელობას ვინარჩუნებ, ჯანმრთელად ვიკვებები, ის კი ეწევა. გააგრძელე მოწევა, ძმაო! გააგრძელე მოწევა!!! ერთ დღესაც ჩვენ ოქტაგონზე შევხვდებით. მერე ვნახავთ... ძლიერი მოიგებს.”

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა გუსტავო ლოპესთან სამივე რაუნდი კარგად ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მან ამერიკელ მეტოქესთან 13 თეიქდაუნი შეასრულა და ამით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. მსაჯების გადაწყვეტილებით, მერაბმა მეტოქეს ასეთი ანგარიშით სძლია - 30:25, 30:26, 30:26. დვალიშვილს UFC-ში უკვე 6 ბრძოლა დაუგროვდა - მას 4 მოგება და 2 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები