Thumbnail

'ფავორიტი მე ვარ, მაგრამ ეს შტანგა არაა' - მერაბ დვალიშვილი ლოპესთან ბრძოლაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მერაბ დვალიშვილი UFC-ში თავის მეოთხე ბრძოლას 14 ივნისს ჩაატარებს
  • ქართველმა მებრძოლმა მომავალი მეტოქე გუსტავო ლოპესი დაახასიათა

შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ში მორიგ ბრძოლას ლას ვეგასში, თბილისის დროით 14 ივნისს, გამთენიისას (სავარაუდოდ 05:00 სთ-იდან) გამართავს. UFC on ESPN 10-ის ეგიდით დაგეგმილ დაპირისპირებაში მერაბის მეტოქე ამერიკელი გუსტავო ლოპესი იქნება, რომელსაც UFC-ში დებიუტი ექნება. ლოპესს პროფესიონალურ კარიერაში 11 მოგება და 4 მარცხი აქვს..

ქართველმა მებრძოლმა მომავალი მეტოქე დაახასიათა:

"ყველაფერი რიგზეა, წონა ჩავაბარე და ხვალ ბრძოლა მაქვს. ყველამ იცით, რომ ამ ბრძოლის დანიშვნა უცბად მოხდა. ლას ვეგასში მეგობრის საგულშემატკივროდ ვიყავი ჩამოსული და სადღაც 9 დღეში შემომთავაზეს ბრძოლა ისეთ გამოცდილ მოწინააღმდეგესთან, როგორიც არის რეი ბორგი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მაგრამ ბრძოლამდე ორი დღით ადრე, რეი ბორგმა ოჯახური მიზეზით ბრძოლის გაუქმების შესახებ გამოაცხადა. 

სასწრაფოდ ახალი მოწინააღმდეგე შემირჩიეს. გუსტავო ლოპესი "კომბატ ამერიკას" ჩემპიონია და ქამარი რამდენჯერმე აქვს მოგებული. საკმაოდ უხერხული მეტოქეა და გამოირჩევა ფინიშით. აკეთებს ნოკაუტებს და მიმართავს მტკივნეულ ილეთებსაც. 

გუსტავო ლოპესს რეი ბორგისგან განსხვავებული სტილი აქვს - ბორგი უფრო ჭიდაობდა, ლოპესი კი კრივით გამოირჩევა. კარგი და ძლიერი, სანოკაუტე დარტყმა აქვს და დგომში ფრთხილად უნდა ვიყო. 

ქართველი მებრძოლი წარმატებაში დარწმუნებულია

პირველ რაუნდში უნდა დავღალო, წავაქციო და ჩოგბჯენში ჭიდაობაში ენერგია დავახარჯინო, რომ შემდეგ სანოკაუტე დარტყმის ძალა აღარ ჰქონდეს. სხვათა შორის, ჩოქბჯენშიც ძლიერია, კარგად ფლობს მტკივნეულ ილეთებს და განსაკუთრებით სახიფათოა ზემოდან პოზიციაში. 

ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინო. პრობლემა არ არის, მაგრამ რისკი არ გვინდა. ფავორიტად მე ვითვლები, მაგრამ ეს არ არის შტანგა, ეს ბრძოლაა და ერთი შეცდომაც კი არ უნდა დაუშვა.

ეს ჩემთვის გამოწვევაა, გავალ და ვიბრძოლებ ღირსეულად. მთავარია ხვალინდელ ბრძოლაში გავიმარჯვო, მაქსიმალურად დავიხარჯები და ჩემს გასაკეთებელს ბოლომდე გავაკეთებ. მერე უკვე ბევრი კარი გაიხსნება. UFC-ში ყველა გამოსვლა და ბრძოლა უკვე წარმატებაა როგორც ჩემთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის", - ამბობს მერაბი. 

მერაბ დვალიშვილს UFC-ში 5 ბრძოლა აქვს გამართული: 2 მარცხი და 3 მოგება. აღსანიშნავია, რომ მან ბოლო სამი ბრძოლა მოიგო და გამარჯვებათა სერიის გასაგრძელებლად ემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები