Thumbnail
  • ნ’გოლო კანტე ლამპარდის გეგმებში არ შედის
  • ფრანგი ნახევარმცველით რეალი ინტერესდება

ნ’გოლო კანტე ლონდონის ჩელსის ლესტერ სიტიდან 2016 წელს, 29 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. მას შემდეგ ფრანგი ფეხბურთელი "არისტოკრატების" ძირითადის მოთამაშედ ჩამოყალიბდა და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად იქცა.

ჩელსის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი ცდილობს, გუნდი თავისი შეხედულებით ჩამოაყალიბოს. ინგლისური მედიის თანახმად, კანტე ფრენკის გეგმებში არ შედის და შესაძლოა, 29 წლის მოთამაშემ ინგლისური კლუბი დატოვოს.

ლამპარდის გუნდს ცოტა აკლია ტიმო ვერნერის ტრანსფერის გაოფიციალურებამდე. ამასთან ერთად, ჩელსის ხელმძღვანელებს სურთ, გუნდში კაი ჰავერტცი მიიყვანონ. ამისთვის კი თანხაა საჭირო, რომელიც შესაძლოა, ნ’გოლოს ტრანსფერიდანაც მიიღონ.

კანტე რამდენიმე გუნდს სურს. ყველაზე მეტად ნახევარმცველის დამატება მადრიდის რეალს უნდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის ფონზე, ესპანელები ზაფხულში დიდი თანხის დახარჯვას არ აპირებენ, თუმცა კანტეს დამატებას მაინც შეეცდებიან.

მადრიდელები ლონდონელებს ნ’გოლოს ტრანსფერში 71 მილიონ ფუნტს სთავაზობენ. ფრანგს ჩელსისთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. "სამეფო კლუბს" ცენტრალური ზონის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება სურს, ამისთვის კი კანტე ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

კომენტარები

ბოლო ამბები