Thumbnail
  • 📅 13 ივნისი | ⌚ 20:30 | ⚽ ბაიერნი V გლადბახი
  • გლადბახი ბაიერნთან, რა თქმა უნდა, აუტსაიდერია
  • თუმცა ბორუსიას ბაიერნთან ბრძოლა და შედეგის მიღწევა კარგად გამოსდის
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

თუკი გერმანიაში რომელიმე კლუბმა იცის, როგორ უნდა დაამარცხოს მიუნხენის ბაიერნი, პირველ რიგში ეს მიონხენგლადბახის ბორუსიაზე უნდა ვთქვათ. დიახ, არც დორტმუნდის ბორუსია, არც ლევერკუზენი ან ლაიპციგი - უახლოეს წარსულში ბავარიულ გრანდთან თამაშებში საუკეთესო შედეგები სწორედ გლადბახს აქვს. უფრო მეტიც: 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბუნდესლიგას ყოველთვის ბაიერნი იგებს, მათ შორის ბალანსი თითქმის თანაბარიც კია!

ბოლო 7 სეზონში ბაიერნსა და გლადბახს შორის ბუნდესლიგის ეგიდით 13 დუელი გაიმართა. 5-ჯერ გლადბახმა მოიგო, 6-ჯერ ბაიერნმა, დანარჩენი 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა. შაბათს ბოლო 7 წელიწადში ეს გუნდები ერთმანეთს მეთოთხმეტედ შეხვდებიან და გლადბახს სტუმრად მოგების შემთხვევაში ბალანსის გათანაბრება შეუძლია.

თუმცა მიონხენგლადბახელთა მთავარი მოტივაცია ეს კი არ არის, არამედ ის, რომ საუკეთესო ოთხეულში ადგილი შეინარჩუნოს და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდოს. ამ მხრივ გლადბახს ლევერკუზენი ეკონკურენტება - ორივეს 56 ქულა აქვს, ლევერკუზენი კი ამ ტურში შალკეს სტუმრობს და დიდი შანსია, მოიგოს.

პირველ წრეში გლადბახმა ბაიერნს 2:1 მოუგო. მას მერე ბაიერნი ოფიციალურ მატჩებში დაუმარცხებელია

“თუ მიუნხენში ჩვენს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ, რაც ამ სეზონში ბევრჯერ გავაკეთეთ, ცხადია, უშანსოდ არ ვიქნებით. რთული ამოცანა გვაქვს, მაგრამ ხშირად დაგვიმტკიცებია, რომ ბაიერნთან წარმატების მიღწევა შეგვიძლია. სწორედ ამის გაკეთება გვსურს შაბათსაც,” - აცხადებს მიონხენგლადბახელთა სპორტული დირექტორი მაქს ებერლი.

თუ გერმანული კლუბების მიერ ბაიერნთან 2013 წლიდან აღებულ ქულებს დავითვლით, გლადბახს 17 ქულა აქვს. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბუნდესლიგაში. შედარებისთვის: მეორე ადგილზე ლევერკუზენია 12 ქულით, მესამეზე - ჰოფენჰაიმი (11 ქულა), დორტმუნდი კი მხოლოდ მეოთხეზეა 10 ქულით. ანუ, ბაიერნისთვის ქულების წარმთმევა ბოლო წლებში გლადბახს ყველაზე კარგად გამოსდის. პირველ წრეშიც გლადბახმა მოიგო - 2:1. სხვათა შორის, მას მერე ბაიერნი ოფიციალურ მატჩებში დაუმარცხებელია.

ბაიერნს ამ თამაშში წინა ხაზის ორი მთავარი ფიგურა არ ეყოლება: რობერტ ლევანდოვსკი და თომას მიულერი დისკვალიფიცირებულები არიან. იგივე ეხება გლადბახის ფორვარდ პლეასაც.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნმა ზედიზედ 9 მატჩი მოიგო და ბოლო 5 თამაშში პირველ ტაიმსაც იგებდა. 

⚽ ბაიერნისა და გლადბახის ბოლო 6 დუელიდან 5-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ მიუნხენურმა გრანდმა ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვა.

⚽ ბაიერნს ბოლო 9 მატჩიდან 8-ში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა

⚽ 2020 წელს ბაიერნმა ბუნდესლიგაში 12 მატჩი მოიგო და აქედან 6-ში 3,5-ზე მეტი გოლი გაიატანა.

⚽ ბუნდესლიგაში 30 ტურია ჩატარებული და ბაიერნს 90 გოლი აქვს გატანილი, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 3 გოლს ნიშნავს. აქვე: ამ 30 ტურში ბაიერნმა 30 გოლი გაუშვა. ანუ, ბაიერნს ზუსტად 3:1 აქვს საშუალო მაჩვენებელი.

⚽ რესტარტის შემდეგ ბაიერნმა ბუნდესლიგის ეგიდით შინ 2 მატჩი ჩაატარა და ორივეში 5-5 გოლი გაიტანა: 5:2 აინტრახტთან და 5:0 დიუსელდორფის ფორტუნასთან.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დევისი - კიმიხი, გორეტცკა - კომანი, გნაბრი, პერიშიჩი - ზირკზე.
ტრავმა:  კოუტინიო, ზიულე, ტიაგო ალკანტარა, ტოლისო
დისკვალიფიკაცია: ლევანდოვსკი, მიულერი

გლადბახი (3-4-2-1): ზომერი - ელვედი, გინტერი, იანჩკე - ლაინერი, კრამერი, ნოიჰაუსი, ბენსებაინი - ჰოფმანი, შტინდლი - ტიურამი.
ტრავმა: ჯონსონი, შტრობლი, ზაკარია
დისკვალიფიკაცია: პლეა 

კომენტარები

ბოლო ამბები