Thumbnail
  • ბეჟანიშვილს, მამუკელაშვილსა და გიგიბერიას მნიშვნელოვანი როლი დაეკისრებათ
  • SBNATION-მა ქართველი ლეგიონერების გუნდებს რეიტინგში ადგილები მიუჩინა

ამერიკულმა SBNATION-მა NCAA-ს გუნდების რეიტინგი განაახლა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, აღნიშნულმა ვებ-გვერდმა ტურნირის საუკეთესო 60 გუნდი ჩამოწერა, რომელთა შორის ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელების – სანდრო მამუკელაშვილის, გიორგი ბეჟანიშვილისა და საბა გიგიბერიას კლუბებიც მოხვდნენ. ამაზე უფრო საინტერესო ისაა, რომ სამივე მათგანი სასტარტო ხუთეულში მოიაზრება.

ქართველი ლეგიონერების გუნდთაგან ყველაზე მაღალი რეიტინგი გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისს აქვს, რომელიც მე-14 ადგილზეა. გიორგი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე პირველ ნომრად ითვლება, მისი კონკურენტები კი კოულმენ ჰოუკინსი და ბენჯამინ ბოსმანს-ვერდინკი იქნებიან.

გიორგი ბეჟანიშვილი

შეგახსენებთ, რომ ბეჟანიშვილი კოლეჯთა ლიგაში შარშანდელ სეზონში მოხვდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა – საშუალოდ 12.5 ქულა თამაშში! მეორე სეზონი უკეთესი არ გამოდგა, რადგან ცენტრის პოზიციაზე ილინოისში ძალიან ათლეტური კოფი კოკბერნი მივიდა. გიორგის ფარქვეშიდან დისტანცირება მოუწია – ის ამ სეზონში საშუალოდ 6.8 ქულას აკეთებდა, თუმცა კვლავ რჩება გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ. მისი კონკურენტი დრაფტზე დადგა და თუ აირჩევენ, ბეჟანიშვილის როლი ილინოისში კვლავ გაიზრდება.

მხოლოდ 42-ე ნომრად მოიაზრება სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან წარმატებულად თამაშობდა. ეს, იმითა გამოწვეული, რომ დრაფტზე დადგომას გუნდის არაერთი ლიდერი აპირებს. ესენი მაილს პაუელი, რომარო გილი და მამუკელაშვილი არიან. ამათგან, პირველი ორის წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, სანდროს კი, დრაფტიდან მოხსნასა და NCAA-ში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, რა შემთხვევაშიც, მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

სანდრო მამუკელაშვილი

მამუკელაშვილი პირველ სეზონში საშუალოდ 2.6 ქულას აკეთებდა, მეორეში – 8.9-ს. ახლანდელი სეზონი კი საუკეთესო გამოდგა – 11.9 ქულა თამაშში. საინტერესოა, რომ 21 წლის ქართველი კალათბურთელს, რომლის სიმაღლეც 2.11 მეტრია, უკვე ცენტრის პოზიციაზე მოიაზრებენ. ცხადია, ის სასტარტო ხუთეულში იქნება, მისი კონკურენტი კი ნიგერიელი გიგანტი იკეი ობიაგუ (2.16) იქნება.

თუკი ბეჟანიშვილისა და მამუკელაშვილის შემთხვევაში, ეს, მოულოდნელი არ ყოფილა, ნამდვილად სასიხარულოა ახალი გუნდის სასტარტო ხუთეულში საბა გიგიბერიას გამწესება, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ჯორჯია ტექს შეუერთდა. საბა მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ უკვე 216 სანტიმეტრია სიმაღლეში. მისი მონაცემების კალათბურთელს ბევრი ვარიანტიც ჰქონდა და ერთ-ერთი ბეჟანიშვილის ილინოისი იყო, თუმცა მან არჩევანი ატლანტელებზე გააკეთა. ჯორჯია ტექი რეიტინგში 54-ე ადგილზეა, გიგიბერია ცენტრის პოზიციაზე პირველი იქნება, მის შემცვლელად კი ჯორდან მეკა განიხილება.

საბა გიგიბერია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს NCAA-ს I დივიზიონში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელი ჰყავს. ვილი ისიანი დეტროიტ მერსიში ირიცხება, ლუკა მაზიაშვილი – უმას ლოველში, ხოლო 17 წლის ალექსანდრე მერკვილაძემ კონტრაქტი კალ სტეიტ ნორტრიჯთან გააფორმა და ლიგაში დებიუტი ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები