Thumbnail
  • Marca-მ ამ საუკუნის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენების რეიტინგი შეადგინა
  • ასეულში სპორტის სხვადასხვა სახეობაში 34 ქვეყნის წარმომადგენელი მოხვდა
  • ასეულში 11 კალათბურთელია, 9 - ფეხბურთელი, 5 - ჩოგბურთელი

ესპანურმა გამოცემა Marca-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც მსოფლიო სპორტის სხვადასხვა სახეობის 100 რჩეული წარმომადგენელი მოხვდა. ასეულში გუნდური სახეობებიდან ყველაზე მეტი კალათბურთს ჰყავს - 11.  

მაიკლ ფელპსი რეკორდსმენია ოლიმპიადებზე მოპოვებული როგორც ოქროს, ისე სხვადასხვა სინჯის მედლების რაოდენობით 

რეიტინგის სათავეში 34 წლის ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელპსი აღმოჩნდა, რომელმაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიური თამაშების 23 ოქრო მოიპოვა. ფელპსის ანგარიშზე ასევე მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოგებული 26 უმაღლესი ჯილდოა. ფელპსმა კარიერა რიოს 2016 წლის თამაშების შემდეგ დაასრულა.

რეიტინგში მეორე პოზიცია 8-გზის ოლიმპიურ და მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონს, იამაიკელ მძლეოსან უსაინ ბოლტს ერგო, სამეულს კი შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ასრულებს, რომელსაც კარიერაში "დიდი სლემის" 20 ტურნირზე გაუმარჯვია.

ლეო მესი კრიშტიანო რონალდოზე მაღლა MARCA-მაც დააყენა

TOP 10-ში ასევე მოხვდნენ ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელი კობი ბრაიანტი, გოლფისტი თაიგერ ვუდსი და ავტომრბოლი ლუის ჰემილტონი. ათეულში ფეხბურთელი სულ ორია - არგენტინელი ლიონელ მესი და პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო. ბარსელონას 32 წლის კაპიტანი მე-7 პოზიციაზეა, ტურინის იუვენტუსის 35 წლის თავდამსხმელი კი - მეათეზე.

ფორმულა 1-ის ლეგენდარული გერმანელი პილოტი მიხაელ შუმახერი რეიტინგში მე-13 ადგილზე მოხვდა

XXI საუკუნის TOP 10 სპორტსმენი (Marca-ს ვერსიით)

1. მაიკლ ფელპსი (აშშ, ცურვა)
2. უსაინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა)
3. როჯერ ფედერერი (შცეიცარია, ჩოგბურთი)
4. რაფაელ ნადალი (ესპანეთი, ჩოგბურთი)
5. კობი ბრაიანტი (აშშ, კალათბურთი)
6. თაიგერ ვუდსი (აშშ, გოლფი)
7. ლიონელ მესი (არგენტინა, ფეხბურთი)
8. ლუის ჰემილტონი (დიდი ბრიტანეთი, ავტორბოლა)
9. ვალენტინო როსი (იტალია, მოტორბოლა)
10. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, ფეხბურთი).

აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სპორტსმენს შორის სულ 9 ფეხბურთელია. მესისა და რონალდოს გარდა, რეიტინგში ბრაზილიელი რონალდო (მე-19 ადგილი), მისი თანამემამულე რონალდინიო (22), ფრანგი ზინედინ ზიდანი (25), ესპანელები: ანდრეს ინიესტა (37), ჩავი ერნანდესი (52), იკერ კასილიასი (67) და ხორვატი ლუკა მოდრიჩი (91) მოხვდნენ.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, საფეხბურთო სეზონი პირველმა გერმანიამ განაახლა. იძულებითი შესვენების შემდეგ, პირველი მატჩი უკვე ჩატარდა ესპანური ლა ლიგაში, ხოლო იტალიაში ჯერ სათასო შეხვედრები უნდა გაიმართოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები