Thumbnail
  • სებასტიან ფეტელის წარუმატებელი ვარჯიში ავსტრალიის გრან პრის წინ
  • ფერარის პილოტმა მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.
  • მერსედესი და ჰემილტონი პირველები არიან.

მართალია, ეს არც კვალიფიკაცია იყო და, მით უმეტეს, არც რბოლა, მაგრამ ფაქტია, რომ სებასტიან ფეტელისთვის სეზონის პირველი რბოლის პირველი ვარჯიში წარუმატებელი გამოდგა. ფორმულა 1-ის 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა ავსტრალიის გრან პრის პირველ ვარჯიშზე თავის ფანებს იმედები გაუცრუა.

გერმანელმა, პირველ თავისუფალ ვარჯიშზე, თავისი ახალი ბოლიდით (Ferrari SF71H) მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. ყველაზე სწრაფი ისევ და ისევ მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰემილტონი იყო - მერსედესის პილოტმა საუკეთესო დრო აჩვენა (1:24,026) და ფეტელზე 0,969 წამით სწრაფი გახლდათ.

ჰემილტონი ყველაზე სწრაფი იყო

მელბურნის “ალბერტ პარკზე” ჰემილტონმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზეც მერსედესის პილოტი ვალტერი ბოტასი (ფინეთი) გავიდა, რომელიც ინგლისელ თანაგუნდელს 0,551 წამით ჩამორჩა.

პირველ ვარჯიშზე ფეტელს რედ ბულის პილოტმა მაქს ფერსტაპენმა (ჰოლანდია, +0,745) და მისმა ფინელმა თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმაც (+0,849) აჯობეს. სკუდერიაში იმედოვნებენ, რომ კვალიაფიკაციაზე (შაბათს) და რბოლაშიც (კვირას), 30 წლის გერმანელი, რომელმაც თავის ახალ ბოლიდს “ლორია” დაარქვა, უკეთეს შედეგებს აჩვენებს. აქვე ვთქვათ, რომ შაბათსაც და კვირასაც, მელბურნში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ჰემილტონი: ძალიან მაგარი სეზონი გველოდება!

ავსტრალიის გრან პრის წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზევ ჰემილტონი 2016 წლის ჩემპიონის, ნიკო როსბერგის კრიტიკას გამოეხმაურა. ამ უკანასკნელს ნათქვამი ჰქონდა, ჰემილტონის სისუსტე ის არის, რომ მას სტაბილურობა აკლიაო, რაზეც ინგლისელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “ვფიქრობ, შარშან დავამტკიცე, რომ ასე არ არის - მე ხომ ჩემპიონი გავხდი. მგონი, ზიგიერთებს ყურადღების ცენტრში ყოფნა სჭირდებათ… ჩემი ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ბლინები მიყვარს და ძალიან ბევრ ბლინს ვჭამ.”

ლუის ჰემილტონი და სებასტიან ფეტელი

ჰემილტონმა აღნიშნა, რომ ახალი სეზონი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება: “ეს ფანებისთვის ძალიან მაგარი წელი იქნება, რადგან ორნი ვართ 4-4 ჩემპიონობით. ვინც ფიქრობს, რომ ტიტულის შენარჩუნება ადვილი იქნება, ძალიან ცდება. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული გუნდია რედ ბულიც. დღეს დანიელ რიკარდოს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა - ვფიქრობ, ის კარგ სეზონს ჩაატარებს და ჩვენი მთავარი კონკურენტი იქნება. რა თქმა უნდა, არც მაქს ფერსტაპენი და კიმი რაიკონენი უნდა დაგვავიწყდეს. მოკლედ, მაგარი სეზონი გველოდება!” - დასძინა ჰემილტონმა.

დანიელ რიკარდო და ლუის ჰემილტონი

ჟურნალისტებმა სებასტიან ფეტელს ჰემილტონის სისუსტეებზე ჰკითხეს. გერმანელის პასუხი: “მას ბევრი სისუსტე ნამდვილად არ აქვს. იცით, ცოტა უხერხულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მაშინ, როცა მის გვერდით ვზივარ. უკვე რამდენიმე წელია, რაც ჰემილტონი ძალიან კარგად ასპარეზობს. თანაც, სისუსტეები ყველას გვაქვს. ზოგი ხასიათის გამო, ზოგიც - მართვის სტილის. სიმართლე გითხრათ, ამაზე ბევრს არ ვფიქრობ.”

ვიდეო: დანიელ რიკარდომ ავსტრალიის ტრეკი გაგვაცნო

კომენტარები

ბოლო ამბები