Thumbnail

წაგებები დასრულდა - ბასილაშვილმა მაიამის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მაიამის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტომას ფაბიანოს მოუგო - 1:6, 6:2, 7:5.
  • ქართველის მომდევნო მეტოქე კევინ ანდერსონია (სამხრეთი აფრიკა).

მაიამის მასტერსზე ძირითადი ბადე გამარჯვებით დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც პირველ წრეში იტალიელ ტომას ფაბიანოს მოუგო - 1:6, 6:2, 7:5. 

მეორე წრეში ქართველის მეტოქე სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი იქნება, რომელიც მასტერსზე მე-6 ნომრად არის განთესილი. ანდერსონს ბასილაშვილი აქამდე არ შეხვედრია. 

მსოფლიოს 89-ე ჩოგანმა ქართველმა ამით 7-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობიდან იწყებოდა.

სხვათა შორის ამ შვიდი წაგებიდან ორი დევისის თასზე მოდის, ATP-ის ეგიდით კი ნიკამ წლეულს 10 მატჩი გამართა (ერთეულთა თანრიგში), რომელთაგანაც 4 მოიგო. თანაც, აქედან ორი მოგება ფაბიანოსთან მოდის, იტალიელს ქართველმა ყატარის ღია პირველობაზეც მოუგო. 

არადა, ქართველმა ჩოგბურთელმა ეს მატჩიც ცუდად დაიწყო, ორი ბრეიქპოინტი ვერ გამოიყენა და ზედიზედ ხუთი გეიმი დათმო, მერე სეტიც - 1:6. მაგრამ, საბედნიეროდ, ზედიზედ მერვე მარცხი აღარ შედგა - მეორე სეტი დამაჯერებლად, მესამე კი დაძაბულ ბრძოლაში მოიგო და ნავსიც გატეხა.

კომენტარები

ბოლო ამბები