Thumbnail

გოლდენ სტეიტ უორიორსი მომავალი სეზონისთვის რამდენიმე ვეტერანი კალათბურთელის დამატებას აპირებს, რომლებიც კლუბს სათადარიგოთა სკამიდან დაეხმარებიან. ამ ინფორმაციას Fadeawayworld ავრცელებს, რომელმაც აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით ზაზა ფაჩულიაც ახსენა.

როგორც ირკვევა, უორიორსს ცენტრის, ფორვარდისა და მცველის აყვანა სურს, რომელთაც დიდი სათამაშო დრო არ ექნებათ, თუმცა, გამოცდილების ხარჯზე გუნდისთვის სარგებლის მოტანა მაინც შეეძლებათ.

“კალიფორნიელებს ამ ვარიანტისთვის ბოლო წლებში არაერთხელ მიუმართავთ. არაერთი ვეტერანი ვარსკვლავი გვახსოვს, რომელთაც გოლდენ სტეიტთან ერთად საჩემპიონო ბეჭდებიც კი მოუგიათ. პირველ რიგში, აღნიშნულ კატეგორიაში დავიდ ვესტი, მეტ ბარნსი, ზაზა ფაჩულია და ჯავალ მაკგი ხვდებიან”, - წერს ხსენებული ვებ-გვერდი.

ქართველ ცენტრს უორიორსთან ერთად 2 საჩემპიონო ბეჭედი აქვს მოგებული

აქვე NBA-ს ცნობილი ინსაიდერის შემს ჩარანიას კომენტარიც, რომელიც მეტწილად მართლდება ხოლმე:

“უორიორსში პიკის ვარიანტსაც სერიოზულად განიხილავენ. ეს ისედაც ასაკოვანი კალათბურთელების გუნდია და იქ გადასვლა ლიგის არაერთი ვეტერანისთვისთვის იქნება მისაღები. ყველას ესმის, რომ ჩაგდებული სეზონის შემდეგ, გოლდენ სტეიტი ისევ მძლავრი კოლექტივი იქნება”.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სტივ კერის გუნდი ტრავმებმა გააწამა და კატასტროფული შედეგი ჰქონდა. პანდემიის დაწყებამდე, გოლდენ სტეიტს 15 გამარჯვება და 50 წაგება გააჩნდა და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო მე-15 ადგილზე იყო, ამდენად, სეზონის დასკვნით ნაწილში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს ბორდმა 2019/20 წლების სეზონის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მცირე ხნის წინ მიიღო და მის თანახმად, 22 კლუბი ბრძოლას ერთ ქალაქში (ორლანდოს Disney World) გააგრძელებს. იმ 16 კლუბს, რომლებიც მიმდინარე ცხრილით ეკუთვნით პლეი ოფი, ემატება ნიუ ორლეანი, პორტლენდი, საკრამენტო, სან ანტონიო, ფინიქსი და ვაშინგტონი. რეგულარულ სეზონში გუნდები 8-8 მატჩს ითამაშებენ. გათვალისწინებულია მინი ტურნირი კონფერენციაში მე-8 საგზურისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები