Thumbnail

დებიუტი მებრძოლთა კუნძულზე - რომან დოლიძე UFC-ში რუსი მეტოქით იწყებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის დებიუტი UFC-ში "მებრძოლთა კუნძულზე" გაიმართება, თარიღიც ცნობილია...

ინფორმაცია ოთხშაბათს Combate.com-მა გამოაქვეყნა, UFC-სთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. ეს კუნძული, რომელიც ახლახან დანა უაითმა წარადგინა აბუ დაბისთან მდებარეობს. 

UFC 250-ის ეგიდით, საღამოს მთავარი ბრძოლა მძიმეწონოსანთა შორისასა - კარლოს ბოი სერგეი სპივაკს შეხვდება. ამ ორთაბრძოლის წინ კი რომან დოლიძე და რუსი ხადის იბრაგიმოვი იჩხუბებენ. შეხვედრის გამართვის თარიღია 18 ივლისი.

31 წლის დოლიძის დებიუტი UFC-ში 2019 წელს უნდა შემდგარიყო, მაგრამ დოპინგ-ტესტი ჩააგდო და 1-წლიან დისკვალიფიკაციას დათანხმდა. გაზაფხულზე გაირკვა, რომ მისი მეტოქე იბრაგიმოვი იქნებოდა, თუმცა თარიღი და ადგილი პანდემიის გამო, რამდენჯერმე შეიცვალა. 

იბრაგიმოვს ორი ბრძოლა აქვს UFC-ში გამართული და ორივეში დამარცხდა. ზოგადად, შერეულ ორთაბრძოლებში მისი სტატისტიკა 8 მოგება და 2 მარცხია. რუსი მებრძოლი M1-ის ყოფილი ჩემპიონია.

UFC-ში ორი ქართველი მებრძოლი ასპარეზობს: მერაბ დვალიშვილი და გიგა ჭიკაძე. რომან დოლიძე მესამე იქნება, ვინც აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში გამოცდის თავს.

კომენტარები

ბოლო ამბები