Thumbnail

ეს ბრძოლა ყველა ქამარს ერთ ხელში მოაქცევს - წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიო კვირის მოყვარულებს მორიგი დიდი სანახაობა ელით. თუკი ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, გაისად 2 ბრიტანელი მძიმეწონოსნის - ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის ჩხუბს ვიხილავთ და თანაც, ისინი ერთმანეთს 2-ჯერ გაეჯიბრებიან. შესაძლო გარიგების თაობაზე ჯოშუას პრომოუტერმა ედი ჰირნმა ისაუბრა.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპული თანხმობა ორივე მხრისგან მიღებულია. მოლაპარაკებების დროს აშკარად წინ წავიწიეთ და უკვე კონკრეტულ დეტალებს განვიხილავთ. საუბარია ორ შერკინებაზე, რომელთაგან პირველი 2021 წლის ზაფხულში უნდა შედგეს. ასეთი მასშტაბური ღონისძიებების დროს ფინანსური ასპექტები ძალიან მნიშვნელოვანია და ახლა, ეს საკითხი უნდა გავიაროთ. თუკი მხარეების მონდომებას გავითვალისწინებთ, პრობლემა არც ეს უნდა გახდეს. ჩემი აზრით, ბრიტანული კრივის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შერკინების მომსწრე გავხდებით. გასაგებ მიზეზთა გამო შეხვედრის ადგილად სწორედ დიდი ბრიტანეთი განიხილება, თუმცა, ამაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ”.

შეგახსენებთ, რომ ფიური WBC-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, ჯოშუა კი IBF-ს, WBA-ს, WBA-სა და IBO-ს ქამრებს ფლობს, ამდენად, მათ ბრძოლაში გამარჯვებული გაუსაჩივრებელ ჩემპიონად გამოცხადდება. იმას, რომ აღნიშნული ჩხუბი მართლაც რეალურია, თავად მოკრივეების კომენტარებიც მოწმობს.

ენტონი ჯოშუა: “თუკი მძიმე წონაში პირველობა მინდა, ლოგიკურია, რომ ფიურისთან ბრძოლას დავთანხმდე. ვფიქრობ, იგივეს ფიქრობს ისიც ჩემთან მიმართებაში. შედეგად, მძიმე წონაში ყველა ქამარი ერთი მოკრივის ხელში იქნება და სადავოც არაფერი იქნება”.

ტაისონ ფიური: “მძიმე წონაში რაიმეს წინასწარ თქმა შეუძლებელია. შესაძლოა, ყველაფერი ერთმა ბრძოლამ გადაწყვიტოს. ხშირად 1 გამარჯვებით ბევრი რამ მოდის. ვფიქრობ, ჩემი და ფიურის ორთაბრძოლა ისაა, რასაც ქომაგი ელის, პირველ რიგში კი, ამ შემთხვევაში, ბრიტანელ ფანებს ვგულისხმობ”.

შეგახსენებთ, რომ ფიურის, რომელსაც 31 ორთაბრძოლაში 30 მოგება და 1 ფრე აქვს, შემოდგომაზე ამერიკელ დეონტეი უაილდერთან მე-3 ორთაბრძოლა ელის, ხოლო ჯოშუა (23 გამარჯვება, 1 მარცხი) პრეტენდენტ კუბრატ პულევს უნდა გაეჯიბროს.

კომენტარები

ბოლო ამბები