Thumbnail

შუმის ღეროვან უჯრედებს გადაუნერგავენ - კიდევ ერთი ექსპერიმენტული ოპერაცია

  • 51 წლის გერმანელის მდგომარეობაზე ცნობები ისევ კულუარულად ვრცელდება
  • მედიკოსთა ინფორმაციით, ლეგენდას კუნთების ატროფია და ოსტეოპოროზი აქვს

ლეგენდარულ გერმანელ ავტომრბოლს, ფორმულა 1-ის კლასში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს, რომელიც წლებინ წინ მიღებული თავის ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის, კიდევ ერთ ექსპერიმენტულ ოპერაციას ჩაუტარებენ. 

Contro Copertina-ს ინფორმაციით, ქირურგიული ჩარევის მიზანი შუმის ნერვული სისტემის აღდგენა იქნება და მას გულის კუნთოვან ქსოვილში ღეროვან უჯრედებს გადაუნერგავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროფესორმა ფილიპ მანაშემ აცნობა, რომელიც ლეგენდას 2019 წელსაც მკურნალობდა. 

"უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის მიმართულებით, მეცნიერება საკმაოდ შორს წავიდა, თუმცა ფაქტია, ჩვენ ჯერ კიდევ ცოტა ვიცით ადამიანის ტვინის შესახებ. არ შეგვიძლია თქმა, მკურნალობა როგორ შედეგს მოგვცემს", - ამბობს ნეიროქირურგი ნიკოლა აკიარი, რომელიც აცხადებს, რომ ფერარისა და მერსედესის ყოფილ პილოტს კუნთების ატროფია და ოსტეოპოროზი აქვს.

გასული წლის სექტემბერში მიხაელი პარიზში, ჟორჟ პომპიდუს ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა მკურნალობის მეთოდიკა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ინსაიდერების ინფორმაციით, შუმახერს ღეროვანი უჯრედები პირველად სწორედ მაშინ გადაუნერგეს.

წაიკითხე | 6 წელი მიხაელ შუმახერის ტრაგედიიდან - რა და როგორ მოხდა 2013 წლის 29 დეკემბერს

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის რეკორდსმენი (7 ტიტული) შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს მერიბელში (საფრანგეთი) თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და თავის ქალისა და ტვინის უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ფორმულა 1-ის ლეგენდის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, შუმი თვეების მანძილზე კომაში იყო. ხელოვნური კომიდან გამოყვანის შემდეგ გერმანელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ბოლო ინფორმაციით, ის რეაბილიტაციის პროცესშია. მისმა მეუღლემ შვეიცარიაში ვილა ფაქტობრივად კლინიკად გადააკეთა. წლებია, შუმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მას მერე მისი არცერთი ფოტო ან ვიდეო-კადრი არ გავრცელებულა.

კომენტარები

ბოლო ამბები