Thumbnail

ტოჩინოშინი ჰაკუჰოს მცირედით ჩამორჩა - ქართველი პოპულარული სუმოისტების სიაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ 965 ხმა მიიღო და დასავლეთის მე-5 მაეგაშირას წოდება ერგო
  • Nikkansports-ის სპეციალური გამოკითხვა 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა 

პოპულარულმა იაპონურმა გაზეთმა Nikkansports სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული სუმოისტის გამოვლენა იყო. სულ გამოკითხვაში 50 635 ხმა დაფიქსირდა, ამასთან, მკითხველებს დღის განმავლობაში თავისი აზრის დაფიქსირება მხოლოდ ერთხელ შეეძლოთ.

შედეგების მიხედვით, 30-კაციანი სია შედგა, რომელშიც ყველაზე წარმატებული ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძეც მოხვდა. 32 წლის ტოჩინოშინმა 965 ხმა მიიღო და მე-18 ადგილი დაიკავა. ვინაიდან Nikkansports-მა საუკეთესოებისთვის პოზიციების მისაჩენად ბანძუკეს (პროფესიული სუმოს რეიტინგი) სტრუქტურა გამოიყენა, გორგაძეს დასავლეთის მე-5 მაეგაშირას წოდება ერგო.

პირველ ადგილზე გასულ ტაკაკეიშოს (3 659 ხმა) აღმოსავლეთის იოკოძუნობა მიეკუთვნა, ხოლო ოძეკი ასანოიამა (3 562) დასავლეთის იოკოძუნა გახდა.

ტოკუშორიუ (3 390), რომელმაც იანვარში იმპერატორის თასი დაისაკუთრა და იოკოძუნა კაკურიუ (2 993) ვირტუალური ოძეკები გახდნენ, ენჰო (2 112) და ენდო (1 987) - სეკივაკეები, აბი (1 888) და შოდაი (1 883) კი – კომუსუბები.

ტოჩინოშინი ტაკაკეიშოსთან ორთაბრძოლისას, რომელიც გამოკითხვაში პირველ ადგილზე გავიდა

შემდეგ ტერუნოფუჯი (1 873), ტაკანოშო (1 846), დაიეიშო (1 756) და რიუდენი (1 687) მოდიან, “თეთრი ფენიქსის” მეტსახელით ცნობილმა იოკოძუნა ჰაკუჰომ კი მხოლოდ 1 450 ხმა მიიღო და დასავლეთის მე-3 მაეგაშირას რანგი მიეკუთვნა.

მონღოლი დიდი ჩემპიონის მერე განლაგდნენ და ასევე რიგითი მაეგაშირებად მოგვევლინნენ კაგაიაკი (1 380), მიტაკეუმი (1 175), კირიბაიამა (982), ტოჩინოშინი (965), ტამავაში (940), კოტოშოჰო (920) და მიოგირიუ (901).

შეგახსენებთ, რომ პროფესიული სუმოს საზაფხულო ტურნირი რიოგოკუ კოკუგიკანში 24 მაისიდან 7 ივნისამდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, ის გაუქმებულად გამოცხადდა. ამჟამინდელი ინფორმაციით, მომდევნო ბაშო 19 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში, ნაგოიას ნაცვლად, სწორედ ტოკიოში შედგება, თუმცა, მასზე მაყურებლები არ დაიშვებიან. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს მიმდინარე რეიტინგში დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდება აქვს, თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ კი, უკვე რანგით მე-4 დივიზიონ სანდანმეშია და 28-ე საფეხური უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები