Thumbnail

ჩამუხლვა დაშვებულია - MLS-მა ფეხბურთელებს ჰიმნის დროს პროტესტის ნება დართო

  • Major League Soccer-მა ჰიმნის შესრულების წესთან დაკავშირებით პოლიტიკა შეცვალა
  • პერსონალსა და ფეხბურთელებს პროტესტის და სოლიდარობის გამოხატვა შეეძლებათ

ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგამ (Major League Soccer), კლუბების მოთამაშეებსა და პერსონალს ნება დართო, მატჩების დაწყების წინ ჰიმნის შესრულებისას, რომელიმე მოვლენისადმი სოლიდარობა გამოხატონ. ამის შესახებ MLS-ის პრესსამსახური იუწყება.

ამჟამად MLS კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ ლიგაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილიც გამოდიან, რომლებიც სან ხოსეს ღირსებას იცავენ. საკითხი აქტუალური კი მინეაპოლისში, პოლიციელის სასტიკი მოპყრობისგან ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებისა და მასთან დაკავშირებული საპროტესტო ტალღის შემდეგ გახდა. 

"MLS სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების იმ იდეალებს იზიარებს, რომლებიც აშშ-ისა და კანადისთვის განსაკუთრებულად სახასიათოა. თუკი მოთამაშეები ან კლუბის თანამშრომლები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ ჰიმნის შესრულების დროს ჩაიმუხლონ ან სხვა ფორმით გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი, ჩვენ მხარს დავუჭერთ", - ნათქვამია ლიგის განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის ქალთა ნაკრებმა ქვეყნის ფეხბურთის ფეერაციას მოუწოდა, შეეცვალა პოლიტიკა ჰიმნის დროს მოქცევასთან დაკავშირებით. 2016 წელს აშშ-ის ქალთა ნაკრების ფეხბურთელმა მეგან რაპინომ ჰიმნის დროს რამდენჯერმე ჩაიმუხლა, რითაც მხარდაჭერა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე კოლინ კაპერნიკს გამოუცხადა. რასობრივი უთანასწორობა და პოლიციელთა სისასტიკე აღნიშნული ჟესტით პირველად სწორედ კაპერნიკმა გააპროტესტა. 2017 წლიდან აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამ კი დაადგინა, რომ ფეხბურთელები "ვალდებულნი არიან ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს ფეხზე იდგნენ და მისადმი პატივისცემას გამოხატავდნენ".

📋 მეტი ამ თემაზე:

46 წლის ჯორჯ ფლოიდი ოთხმა სამართალდამცველმა 25 მაისს მინეაპოლისში დააკავა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს, დერეკ შოვინს მუხლი მანამ აქვს მიბჯენილი, სანამ დაკავებული გონებას არ დაკარგავს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სხვადასხვა ქალაქებში გამოსული საზოგადოების პროტესტს მასობრივი არეულობები, დარბევები და მსხვერპლიც მოჰყვა. დემონსტრაციებში აქტიურად არიან ჩართულნი სპორტსმენებიც.

კომენტარები

ბოლო ამბები