Thumbnail

მადრიდის მერმა ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ 13tv-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მადრიდი ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებისთვის იბრძოლებს, თუ მასპინძლობის უფლება სტამბოლს ჩამოერთმევა...

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ევროთასები შეჩერებულია, მათ განახლებას (ფორმატის ცვლილებით) უეფა აგვისტოში აპირებს. არის ალბათობა, რომ ჩემპიონთა ლიგას თურქეთის უდიდესმა ქალაქმა აღარ უმასპინძლოს. უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბოლის "ათათურქზე" 30 მაისს უნდა გამართულიყო. 

ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა (მადრიდის მერი): "ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქალაქის მერია მხარს უჭერს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მადრიდში ჩატარებას.

ჩვენ გვაქვს მისაღები უსაფრთხო მდგომარეობა, კარგი ინფრასტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რა დრამაც მადრიდმა ბოლო თვეებში გამოიარა, ჩვენ ისევ ფეხზე დავდექით". 

ესპანეთის დედაქალაქის მერს სურს, რომ ფინალს "ვანდა მეტროპოლიტანომ" უმასპინძლოს. მატჩი, რა თქმა უნდა, უმაყურებლოდ უნდა ჩატარდეს.

უეფა ჩემპიონთა ლიგის განახლებაზე გადაწყვეტილებას 17 ივნისს აღმასკომზე გამოიტანს. მანამდე მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ფინალის მიღების ყველაზე დიდი შანსი აქვს ლისაბონს

ესპანეთი კორონავირუსის პანდემიამ ძლიერ დააზიანა - ქვეყნის მასშტაბით 27 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მადრიდი კი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი იყო, თუმცა ქვეყანაში ეპიდემოლოგიური ვითარება მკვეთრად გამოსწორდა. 

შეგახსენებთ, რომ "ვანდა მეტროპოლიტანომ" 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლა, ლივერპულმა ტოტენჰემი 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა თასს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები