Thumbnail

კვერკველია ლოკომოტივში რჩება და ძირითადშიც ითამაშებს - საბა მწვრთნელს სჭირდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსული მედია მოსკოვის ლოკომოტივში საბა კვერკველიას მომავალზე წერს
  • რუსულ კლუბში ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ ცვლილებებს ელიან
  • როგორც ჩანს, 28 წლის ქართველი მცველი სეზონს ძირითადში ჩაამთავრებს

საქართველოს ნაკრების მცველის საბა კვერკველიას მომავალი მოსკოვის ლოკომოტივში ეჭვის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც კორონავურისის პანდემიით გამოწვეული პაუზის პერიოდში, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იური სიომინი გაუშვეს. გამოცდილი რუსი სპეციალისტი სერბმა მარკო ნიკოლიჩმა შეცვალა. 

ლოკომოტივში სამწვრთნელო ცვლილების შემდეგ, ადგილობრივი სპორტული მედია 28 წლის ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად წერდა და სავარაუდო კლუბებსაც ასახელებდა, მაგრამ ბოლო დროს საპირისპირო ცნობები ვრცელდება. წერენ, რომ ლოკომოტივი საბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, ნიკოლიჩი კი მას ძირითად შემადგენლობაშიც განიხილავს. ბოლო ვარაუდი კიდევ უფრო დამაჯერებელია იმის გათვალისწინებით, რომ სულ ახლახან ლოკომოტივი მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა ბენედიქტ ჰიოვედესმა დატოვა.

საქართველოს ნაკრების მცველი სეზონის განახლებისთვის ემზადება

საიტმა soccer.ru-მ მოსკოვის ლოკომოტივში მოსალოდნელ ცვლილებებზე სტატია მოამზადა და ქვეთავი საბა კვერკველიას მომავალს მიუძღვნა.

"ვინ იქნება ჩორლუკას მეწყვილე? ჰიოვედესი ნამდვილად აღარ, რადგან წავიდა. ამბობდნენ იმასაც, რომ სხვა კლუბში წავიდოდა მცველი კვერკველიაც, რომელიც კარანტინის დროს სიომინთან აგარაკზე ემზადებოდა. რატომ მწვრთნელის ნაკვეთში? როგორც ჩანს, იური პალიჩმა ძველი ვალი დაუბრუნა, რადგან სოლომონი სწორედ სიომინის გადაწყვეტილების შემდეგ არ წავიდა ინგლისის პრემიერლიგაში, როდესაც ფორმის პიკში იმყოფებოდა. დაკარგა დრო, თადარიგში აღმოჩნდა.

ახლა ის ძირითად შემადგენლობას სჭირდება, რადგან ქართველი, როგორც მცველი, უფრო ძლიერია, ვიდრე მურილო. ნიკოლიჩი დარჩენილ მატჩებში კვერკველიას დაეყრდნობა, გადაწყვეტილებას კი მოგვიანებით მიიღებენ. შესაძლოა, ჰიოვედესის მსგავსად, სოლომონსაც სურდეს წასვლა".

ახლახან საბა მოსკოვის დინამოსთან ამხანაგურ მატჩში (1:1) ითამაშა - მეორე ტაიმში

საბა კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივის ღირსებას 2017 წლის დასაწყისიდან იცავს და მასთან ერთად რუსეთის ჩემპიონი (2017/19 წლებში), ორჯერ რუსეთის თასის (2016/17 და 2018/19) და რუსეთის სუპერთასის (2019) მფლობელი გახდა. 

რუსეთის ჩემპიონატში პაუზის გამოცხადებამდე ჩატარებულ 22 ტურში ლოკომოტივმა 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის ლიდერ ზენიტს 9 ქულით ჩამორჩება. ცნობილია, რომ ტურნირი 21 ივნისს უნდა განახლდეს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 5 ტური ჩატარდა. 31-ე ტური პარასკევს, ჰოფენჰაიმისა და ლაიპციგის მატჩით დაიწყება. ტურის ცენტრალური შეხვედრა შაბათს, მიუნხენის ბაიერნსა და მიონხენგლადბახის ბორუსიას შორის გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები