Thumbnail

როგორი იქნება სატრანსფერო ფანჯარა ტოპლიგებში - დედლაინი ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კორონავირუსის პანდემიამ გავლენა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდზეც მოახდინა
  • საფრანგეთმა გახსნა, იტალიამ დაგეგმა, ინგლისი და ესპანეთი ივლისს ელოდებიან  

ევროპაში ფეხბურთის დაბრუნებასთან ერთად, აქტუალური ხდება პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილის საკითხიც - ფეხბურთელების მიმოსვლა. როგორც წესი, ევროპის ტოპლიგებში სატრანსფერო ფანჯარა ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე იყო ხოლმე გათვალისწინებული, მაგრამ წელს კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი შეცვალა.

ბრიტანული მედიის ინფორმაიით, წამყვანი ლიგები ერთიანი დედლიანის მიახლოებით ვადაზე თანხმდებიან და ეს ოქტომბრის პირველი რიცხვებია, თუმცა ქვეყნებს შორის ერთიანობა არ არის პერიოდის სტარტთან დაკავშირებით. 

რონალდო იუვენტუსთან ერთად მეორე სკუდეტოს მოგებისთვის ემზადება

იტალიურმა სერია A-მ უკვე დაადასტურა, რომ ლიგაში მთელი სატრანსფერო აქტიურობა 1-ელი სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდება. ვარაუდობენ, რომ ვადების ცვლილება აისახება ზამთრის მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზეც.

ფრანგულ ლიგა 1-ში, რომლის სეზონი ნაადრევად დასრულდა, ლოკალური გარიგებები უკვე 9 ივნისიდანაა ნებადართული, საერთაშორისო ტრანსფერების ვადები კი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ლიგაში აგვისტო-ოქტომბრის პერიოდზე ფიქრობენ.

ლივერპული ინგლისის პრემიერლიგის მოგებასთან ძალიან ახლოსაა

ინგლისი ბოლო ორ სეზონში სატრანსფერო ფანჯარას სხვა ლიგებზე ადრე ხურავდა, მაგრამ ამ ზაფხულიდან ნორმალურ გრაფიკზე გადასვლას აპირებდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  პრემიერლიგაში სატრანსფერო ბაზარი იქამდე არ გაიხსნება, სანამ სეზონი ფაქტობრივად არ დასრულდება - 25 ივლისამდე. 

ვითარება მსგავსია ესპანეთის ლა ლიგაშიც, ოღონდ იქ ჩემპიონატის ფინიშს ხუთი დღით ადრე გეგმავენ - 20 ივლისისთვის.

ბარსელონა პაუზის შემდეგ სეზონის განახლებითვის ემზადება

ცნობილია, რომ ფიფა ლიგებს ნებას დართავს, სატრანსფერო ფანჯრები სეზონის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაიხსნან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თითოეულმა ჩემპიონატმა მაინც დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია სატრანსფერო აქტიურობისთვის ჩვეულებისამებრ, 12-კვირიან პერიოდს გამოყოფს, თუმცა არის ნიუანსი - ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელი ახალი კლუბის ღირსების დაცვას მომავალი კამპანიის დაწყებამდე ვერ შეძლებს.

კორონავირუსის პანდემია ტრანსფერებზე გავლენას არამხოლოდ კალენდრის კუთხით მოახდენს. ფინანსკური კრიზისის გამო, კლუბებს სახსრები გაცილებით მოკრძალებული აქვთ. 

იტალიის ჩემპიონატი პანდემიის გამო 9 მარტს შეწყდა. სეზონის დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი. რესტარტი 20 ივნისსაა დაგეგმილი. მანამდე იტალიის თასის დარჩენილი მატჩები უნდა ჩატარდეს. პარასკევს ნახევარფინალის პირველი საპასუხო შეხვედრა გაიმართება: იუვენტუსი მილანს უმასპინძლებს. შაბათს კი მეორე ნახევარფინალია ნაპოლისა და ინტერს შორის. იტალიის თასის ფინალი 17 ივნისს დაიგეგმა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატი პირველმა გერმანიამ განაახლა. რესტარტის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 5 ტური ჩატარდა. 31-ე ტური პარასკევს, ჰოფენჰაიმისა და ლაიპციგის მატჩით დაიწყება. ტურის ცენტრალური შეხვედრა შაბათს, მიუნხენის ბაიერნსა და მიონხენგლადბახის ბორუსიას შორის გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები