Thumbnail
  • დუაიტ ჰოვარდის უნიკალური, ისტორიული ორმაგი დუბლი.
  • კლივლენდის შესანიშნავი დაბრუნება მეორე ტაიმში.
  • ტორონტო კავალიერსს პირველი ტაიმის შემდეგ 15 ქულით უგებდა.
  • მეორე ტაიმში ლებრონ ჯეიმსმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

ლებრონ ჯეიმსმა კიდევ ერთხელ (ვინ მოთვლის, მერამდენედ) დაამტკიცა, რომ კლივლენდის წარმატებების უმთავრესი შემოქმედია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ კავალიერსმა ტორონტოსთან ტოპ-მატჩი 132:129 მოიგო. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ ასეთ შედეგს ბევრი არ იწინასწარმეტყველებდა, რადგან ტორონტო ორი მეოთხედის შემდეგ 15 ქულით იგებდა და კლივლენდისთვის უკვე 79 ქულა ჰქონდა ჩაგდებული…

მაგრამ, როცა მეორე გუნდში ლებრონ ჯეიმსი თამაშობს, მას მარცხი ბოლო წუთამდე არ უნდა უწინასწარმეტყველო. ლებრონის ლიდერობით, კლივლენდელები თამაშში დაბრუნდნენ და მეორე ტაიმში 68 ქულის ჩაგდება მოახერხეს (ტორონტოს შედეგი მეორე ტაიმში 50 ქულა იყო). ჯეიმსმა 35 ქულით და 17 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა. პლუს, 7 მოხსნაც გააკეთა.

1990 წლის შემდეგ NBA-ში პირველად მოხდა ისე, რომ თამაში მოიგო გუნდმა, რომელსაც პირველ ტაიმში ამდენი (79) ქულა ჩაუგდეს. ბოლოს ასეთი რამ სან ანტონიომ დენვერთან მოახერხა.

“ასეთი რამ მგონი არასდროს მინახავს. უბრალოდ დაუჯერებელია ის ყველაფერი, რასაც ლებრონი აკეთებს!” - ბედნიერი იყო მატჩის შემდეგ მწვრთნელის ასისტენტი ლარი დრიუ, რომელიც ტაირონ ლიუს (ამ უკანასკნელს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა) ცვლიდა.

ბოლო 7,8 წამში ჯეიმსმა 3 საჯარიმო ესროლა, რომელთაგან ერთი ვერ გამოიყენა და ტორონტოს კიდევ ჰქონდა გათანაბრების შანსი, მაგრამ დემარ დეროზანმა ვერ ჩააგდო.

“ეს არის ძალიან მაგარი გამარჯვება ძალიან მაგარ გუნდთან. თუმცა, იმედია, არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა შეუძლია ჩემს გუნდს,” - ეს თავად ლებრონის სიტყვებია.

აქვე ვთქვათ, რომ კევინ ლავმა გამოჯანმრთელების შემდეგ მეორედ ითამაშა და 23 ქულითა და 12 მოხსნით მანაც ორმაგი დუბლი მიითვალა. ტორონტოდან საუკეთესო კაილ ლოური გახლდათ (24 ქულა), დეროზანის ანგარიშზე კი 21 ქულაა. მიუხედავად მარცხისა, ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციაში მაინც ერთპიროვნული ლიდერია, კლივლენდი კი მესამე ადგილზე იმყოფება.

32 ქულა და 30 მოხსნა - ჰოვარდის ისტორიული ორმაგი დუბლი!

ლებრონ ჯეიმსის ბრწყინვალე პერფორმანსის პარალელურად, შესანიშნავად ითამაშა შარლოტ ჰორნეტსის ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმაც. ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ მან ისტორიული შედეგი დააფიქსირა!

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დუაიტ ჰოვარდმა კიდევ ერთხელ გაამართლა თავისი მეტსახელი “სუპერმენი”. ბრუკლინთან შესრულებული ორმაგი დუბლით მან NBA-ს ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა.

111:105 მოგებულ შეხვედრაში ჰოვარდმა ბოლო წამებზე კიდევ ერთი მოხსნა რომ გააკეთა, ამით ისტორიული შედეგი დააფიქსირა. 32 ქულა და 30 მოხსნა ერთ მატჩში!!!

ჰოვარდი პირველი კალათბურთელია 2010 წლის შემდეგ და მხოლოდ მეორე კალათბურთელია ბოლო 36 წელიწადში, ვინც ერთ თამაშში ქულებისა და მოხსნების მხრივ 30-30 შეასრულა!

საერთო ჯამში კი ასეთი რამ მხოლოდ 8 კალათბურთელს აქვს გაკეთებული. უკანასკნელი კევინ ლავი იყო, რომელმაც 2010 წელს, მინესოტას შემადგენლობაში, ნიუ იორკთან 31 ქულა და 31 მოხსნა გააკეთა.

რა გასაკვირია, რომ ჰოვარდს ეს მიღწევა ერთ-ერთმა პირველმა, სწორედ ლავმა მიულოცა:

 

კომენტარები

ბოლო ამბები