Thumbnail

მაკგრეგორი: მოტივაცია აღარ მაქვს, ჩემთვის საინტერესო არაფერი ხდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

UFC-ის ეგიდით ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა თავისი გადაწყვეტილება განმარტა. შეგახსენებთ, რომ ირლანდიელმა მებრძოლმა აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა, თუმცა, ვინაიდან ეს უკვე მესამედ მოხდა, აღნიშნული ამბავი ბევრმა არ დაიჯერა. აი, რა თქვა მაკგრეგორმა:

“უბრალოდ, სიამოვნებას ვეღარ ვიღებ. თითქოს გარშემო დიდი აურზაურია, მაგრამ რეალურად, საინტერესო არაფერი ხდება. სამომავლოდ შესაძლო ორთაბრძოლებს ვარჩევდი, თუმცა, შესაბამისი არცერთი იყო. არაფერი ისეთი, რაც ამაღელვებდა. UFC-ში თავის გეგმას მიჰყვებიან. სატიტულო შეხვედრა სექტემბერისთვის გადადეს, მაგრამ ამის მიზეზი ვერავინ მითხრა. მათ ჩემი გეგმა წარვუდგინე, თუმცა, ის არავინ შეისმინა. ალბათ, თავიანთი ძალა მაჩვენეს. არადა, უბრალოდ, დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის, ჩემი და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლა უნდა დაეშვათ. ამასწინათ, ანდერსონ სილვასთან შერკინების ვარიანტი გამოჩნდა და ამან ნამდვილად დამაინტერესა, მაგრამ მყის გამოჩნდა ხალხი, რომელთაც დაიწყეს საუბარი, რომ ის დაბერდა და ფორმის პიკში აღარაა. გამიკვირდა, რადგანაც სილვა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლია. მერე მივხვდი. ამას იმიტომ ამბობდნენ, რომ გამარჯვების შემდეგ, ჩემი მიღწევა გაეუფასურებინათ. სწორედ ამიტომ, ყველაფერი მომბეზრდა. სხვების ბრძოლებს ვუყურებ და სიამოვნებას ვეღარ ვიღებ. შეიძლება იმიტომაც, რომ შეხვედრები მაყურებლების გარეშე ტარდება, მაგრამ ფაქტია – მოტივაცია აღარ მაქვს”.

კომენტარები

ბოლო ამბები